ევროთასები პირველი არხის პირდაპირ ეთერში - დღეს ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისი“ „ასტანას“ ეთამაშება #1TVSPORT
ქართული კლუბები ახალ ევროსეზონს იწყებენ. საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ყაზახეთის ჩემპიონს, „ასტანას“ ეთამაშება.
შეხვედრა „ასტანა არენაზე“ 12 ივლისს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
„დინამო თბილისი“ ასტანაში 11 ივლისს, ჩარტერული რეისით გაემგზავრა, მატჩმდე გუნდმა „ასტანა არენაზე“ ივარჯიშა, რომლის შემდეგაც გუნდის კაპიტანმა, დავით სხირტლაძემ და მცველმა ჯიმი ტაბიძემ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს:
დავით სხირტლაძე: „გუნდისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, მოთამაშეები ოპტიმალურ ფორმაში ვართ. საინტერესო მატჩი იქნება, ვეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ, რათა საპასუხო მატჩის წინ სასურველი უპირატესობა შევიქმნათ“.
ჯიმი ტაბიძე: „ასტანის სტადიონზე მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩავატარეთ. კარგ განწყობაზე ვართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მჯერა, „ასტანასთან“ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად დაიხარჯება და ვეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.
13 ივლისს ევროტურნირებზე კიდევ სამი ქართული კლუბი ითამაშებს – კონფერენსლიგაზე საქართველოს სახელით ქუთაისის „ტორპედო“, ბათუმის „დინამო“ და გორის „დილა“ გამოვლენ.
პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ ქუთაისის „ტორპედოსა“ და „სარაევოს“ მატჩს, რომელიც „რამაზ შენგელია არენაზე“ 13 ივლისს, 21:00 საათზე დაიწყება.
13 ივლისი.
21:00 | „ტორპედო“ – „სარაევო“ (ბოსნია და ჰერცეგოვინა) Live პირველ არხზე
21:30 | „დუნაისკა სტრედა“ (სლოვაკეთი)-„დილა“
22:00 | „ტირანა“ (ალბანეთი) – „დინამო“ (ბათუმი)