„ევროსტატმა“ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკა გამოაქვეყნა
„ევროსტატმა“ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკა გამოაქვეყნა

ევროკავშირის მოქალაქეების რიცხვი 994 800-ით გაიზარდა – ამის შესახებ საუბარია „ევროსტატის“ მონაცემებში, რომელმაც ახლახან 2016 წლის მონაცემები გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, 18%-ით მეტმა პირმა მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეობა. მათგან, ყველაზე მეტი მაროკოს ყოფილი მოქალაქეა.

მაროკოს მოსდევს ალბანეთი, ინდოეთი, პაკისტანი და თურქეთი.

მაროკოელების უმრავლესობამ (37%) ესპანეთის, ალბანელების უმრავლესობამ (55%) იტალიისა და ინდოელების უმრავლესობამ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღეს.

2016 წელს იტალიის მოქალაქეობა 201 600-მა ადამიანმა მიიღო, ესპანეთის მოქალაქეების რიცხვი 150 900-ით დიდი ბრიტანეთის 149 400-ით, საფრანგეთის 119 200-ით, გერმანიის 112 800-ით გაიზარდა.

ბელგიამ 2016 წელს 32 000 ადამიანს მიანიჭა მოქალაქეობა. ბელგიის მოქალაქეობის მიღების მსურველთა უმრავლესობა მაროკოელი და რუმინელი იყო. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ყველაზე მეტი მოთხოვნა შვედეთმა დააკმაყოფილა. შვედეთს მოსდევს ლუქსემბურგი და კვიპროსი.

„ევროსტატი“ 2017 წლის მონაცემებს მომავალ წელს გამოაქვეყნებს.