ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში – ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) განცხადებას აქვეყნებენ ვენეციის კომისიის მიერ გუშინ მიღებული დასკვნის შემდეგ, რომელიც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს.

„ძალიან ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ მიმართა ვენეციის კომისიას დასკვნისთვის აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ამით შესაძლებელი იქნებოდა იმის უზრუნველყოფა, რომ კანონმდებლობის წინა ვერსიასთან მიმართებით ვენეციის კომისიის გამოთქმული რეკომენდაციები და პრობლემური საკითხები სრულად ყოფილიყო გათვალისწინებული. თუმცა, აღნიშნულ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის ახალი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ნათელია, რომ ეს ასე არ მოხდა. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, გამოვთქვათ წუხილი, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას და კანონში ცვლილებები ისე მიიღო. მართალია, ვენეციის კომისიის წინა დასკვნიდან რამდენიმე რეკომენდაცია განხორციელდა, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთებასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც უპასუხოდ დარჩა მცირე, თუმცა არსებითი საკითხები. ეს განსაკუთრებით ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრებასა და საბჭოს წევრთა ხმებისა და სახელების გასაჯაროებას.

აღნიშნულ გაუთვალისწინებელ რეკომენდაციათა განხორციელება აუცილებელია, რათა კანონმა სრულად უზრუნველყოს ადეკვატური საფუძვლის შექმნა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის მგრძნობიარე საკითხისათვის.

ამდენად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას, აიღონ ვალდებულება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე, ახალი პარლამენტის მოწვევისთანავე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მომხსენებლები მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, 31 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, აპირებენ ფაქტების შემსწავლელ ვიზიტს საქართველოში, თუ ამის საშუალება იქნება სანიტარული მდგომარეობიდან გამომდინარე.

მომხსენებლები ასევე იმედოვნებენ, რომ დააკვირდებიან არჩევნებს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა დელეგაციის ფარგლებში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების განცხადების თარგმანს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი ავრცელებს.