ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის უფლებამოსილების საკითხზე დებატები მიმდინარეობს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის უფლებამოსილების საკითხზე დებატები მიმდინარეობს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებით დებატები მიმდინარეობს. სხდომაზე სიტყვით რამდენიმე უკრაინელი დეპუტატი გამოვიდა. ისინი აცხადებენ, რომ სახელმწიფოები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სასანქციო ზეწოლის შემსუბუქებას, რუსეთის სამომავლო აგრესიაზე პასუხისმგებლობას ინაწილებენ.

„ყველა, ვინც გუშინ ხმა მისცა რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო ზეწოლის მოხსნას და ვინც დღესაც იმავეს გააკეთებს, ნაწილობრივ აიღებს პასუხისმგებლობას რუსეთის მსხვერპლზე, რომელიც უკვე იყო და მომავალზეც, რომელიც აუცილებლად იქნება“, – განაცხდა უკრაინის წარმომადგენელმა ლეონიდ ემეცმა.

უკრაინის დელეგაციის წევრმა მარია იონოვამ კი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში რუსეთის მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულზე ისაუბრა.

„თუ ჩვენ დავაბრუნებთ რუსეთს, მაშინ გავხდებით იმ დანაშაულის თანამზრახველები, რასაც რუსები სჩადიან“, – განაცხადა მარია იონოვამ.

რაც შეხება რუსეთის წარმომადგენლებს, ისინი აცხადებენ, რომ არანაირი პირობის შესრულებას არ აპირებენ.

„არ ვართ სკოლაში, რომ ვაკეთოთ საშინაო დავალებები. ნებისმიერი შესწორება, რომელიც რუსეთის დელეგაციას რაიმე სახის შეზღუდვას დაუწესებს, ჩვენთვის მიუღებელი იქნება“, – განაცხდა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა პიოტრ ტოლსტოიმ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთს დაბრუნების და ზაფხულის სესიაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

დოკუმენტს მხარი დაუჭირა ასამბლეის 118-მა წევრმა, 62 წინააღმდეგი იყო, ათმა კი თავი შეიკავა.

სხდომაზე საქართველოსა და უკრაინის დელეგაციების წევრებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის უფლებამოსილების აღდგენის წინააღმდეგ მწვავე განცხადებები გააკეთეს.

რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, რის შემდეგაც რუსეთმა ევროსაბჭოში საწევროს გადახდა შეწყვიტა.