ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეა წევრ სახელმწიფოებს უფლებადამცველი ორგანიზაციების მისიების დაშვების ვალდებულებას რეზოლუციით ახსენებს
ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც წევრ სახელმწიფოებს უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლების საკუთარ ტერიტორიაზე დაშვების ვალდებულება შეახსენა.
რეზოლუციის ავტორები წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, უზრუნველყონ ევროსაბჭოსა და გაერო-ს მეთვალყურეების დაშვება თავიანთ ტერიტორიაზე. მხარეები მიესალმნენ შემთხვევებს, როდესაც უფლებადამცველებმა ე.წ. ნაცრისფერ ზონებში ჩასვლა შეძლეს. საუბარია ტერიტორიებზე, რომლებსაც დე ფაქტო მთავრობები აკონტროლებენ. კერძოდ, რეზოლუციის ავტორებმა დადებითად შეაფასეს წამების პრევენციის კომიტეტის წევრთა ვიზიტი დნესტრისპირეთსა და აფხაზეთში. ამასთან, ასამბლეის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ მონიტორინგის მისიის ვიზიტი „ნაცრისფერ ზონებში“ არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ამ ტერიტორიების დე ფაქტო მმართველების ლეგიტიმაციას.
ამასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მოითხოვენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიას რომელიმე ქვეყნაში შესვლა შეუზღუდეს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საგანგებო სხდომა გამართოს.
რეზოლუციას 39-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის იყვენენ საქართველოს დელეგაციის წევრებიც.