ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი​ - აუცილებელია, სწრაფად დადგინდეს ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებები
ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი​ - აუცილებელია, სწრაფად დადგინდეს ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებები

ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი გუდრუნ მოსლერ-ტორსტრომი ეხმაურება და აცხადებს, რომ უერთდება საერთაშორისო საზოგადოებას და გამოხატავს თავის შეშფოთებასა და წუხილს ამ ტრაგიკული ფაქტის გამო.

„აუცილებელია, სწრაფად ჩატარდეს გამოძიება, რათა დადგინდეს მისი გარდაცვალების გარემოებები და  პასუხისმგებელი“, – აცხადებს გუდრუნ მოსლერ-ტორსტრომი.

ამასთან, მისივე თქმით, აუცილებელია, გათავისუფლდნენ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულები და ისინი თბილისის კანონიერ ხელისუფლებას გადაეცნენ.

გუდრუნ მოსლერ-ტორსტრომმა ხაზი გაუსვა, რომ კონგრესი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი​ უსამძიმრებს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მომხდარის გამო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან. ოჯახისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯერ არც ტატუნაშვილის ცხედარი გადაუციათ.