ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საფრანგეთის პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას აკრიტიკებს
ევროსაბჭო საფრანგეთის საპროტესტო აქციებში საფრანგეთის პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას აკრიტიკებს.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის განცხადებით, ზოგიერთი მომიტინგის ძალადობრივმა ქმედებებმა ან სხვა პირების მიერ პროტესტის დროს ჩადენილმა სხვა ქმედებებმა არ შეიძლება, გაამართლოს სახელმწიფოს აგენტების მიერ ძალის გადამეტებული გამოყენება.
„ეს ქმედებები ასევე არ არის საკმარისი, რათა მშვიდობიან მომიტინგეებს ჩამოართვან შეკრების თავისუფლების უფლება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს შეიძლება, ჰქონდეს უფლება, გამოიყენოს ძალა, კერძოდ, წესრიგის აღდგენის მიზნით, ასეთი გამოყენება უნდა განხორციელდეს მხოლოდ როგორც უკიდურესი საშუალება, აუცილებლობისა და პროპორციულობის პირობების მკაცრი დაცვით“, – თქვა დუნია მიატოვიჩმა.
ევროსაბჭოს კომისრის თქმით, ძალადობა უნდა შეწყდეს, რადგან ეს არის აუცილებელი პირობა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ეფექტიანად განხორციელებისთვის, ასევე მოსახლეობასა და პოლიციას შორის ნდობისთვის.