ევროსასამართლომ თავშესაფრის მაძიებლებისთვის ჰომოსექსუალური ორიენტაციის დასადგენად იძულებითი ფსიქოლოგიური ტესტები აკრძალა

19:25, 25.01.2018

ევროპულმა სასამართლომ თავშესაფრის მაძიებელი ლტოლვილებისთვის ჰომოსექსუალური ორიენტაციის დასადგენად იძულებითი ფსიქოლოგიური ტესტების ჩატარება აკრძალა. სასამართლომ ეს დადგენილება ნიგერიელი წარმოშობის პირთან მიმართებაში გამოიტანა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ არატრადიციული ორიენტაციის გამო სამშობლოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, უნგრეთის ხელისუფლებამ კი თავშესაფრის მინიჭებაზე მას უარი განუცხადა.

თავის მხრივ, უნგრეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება, ექსპერტიზის ანგარიშზე დაყრდნობით მიიღო, რომელმაც თავშესაფრის მაძიებლის არატრადიციული ორიენტაციისადმი კუთვნილება არ დაასტურა.

ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვისას გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება დამყარებული იყოს მხოლოდ ფსიქოლოგიურ ტესტზე. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსგავსი ტესტების ჩატარება პირად ცხორებაში ჩარევის ტოლფასია. თუმცა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფაქტების გადამოწმების მიზნით, დაშვებულია ისეთი სახის ექსპერტული ანგარიშებზე დაყრდნობა, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არ ეწინააღმდეგება.

ახლა უნგრეთის ხელისუფლებას მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა მოუწევს.

მსგავსი