„ევროპულმა საქართველომ“ ცესკო-ს გადაწყვეტილებები სასამართლოში გაასაჩივრა
„ევროპულმა საქართველომ“ ცესკო-ს გადაწყვეტილებები სასამართლოში გაასაჩივრა

„ევროპულმა საქართველომ“ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა. პარტია ცესკო-ს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც დაიწერა შემაჯამებელი ოქმი და ოფიციალურად დაინიშნა არჩევნების მეორე ტურის თარიღი.

„საარჩევნო დავების განხილვისას ვნახეთ ხელისუფლების ქმედებების აბსურდულობა. ნონსენსია, როდესაც სასამართლოში გასაჩივრების ვადა არ გასულა და ცესკო-მ შეაჯამა უკვე შედეგები. სარჩელების დიდი ნაწილი დატოვა განუხილველი. პოლიტიკურადაც აბსურდია. მეორე მხრივ, ვხედავთ მოლაპარაკების პროცესს. ჩვენ გავასაჩივრებთ სასამართლოში, თუმცა არ გვაქვს სასამართლოს იმედი და მოლოდინი, რომ აქ მოკალათებულმა მარიონეტებმა მიიღონ რამე სამართლებრივი გადაწყვეტილება“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ჩატარდება.