ევროპული სასამართლო – რუსეთის ავტოკრატიული რეჟიმის არსებობა არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმ კომპანიების აქტივების გასაყინად, რომლებიც ირიბად არიან დაკავშირებული სანქციების ქვეშ მყოფ პირებთან

16:45, 03.09.2026

რუსეთთან დაკავშირებული კომპანიების აქტივების გაყინვისთვის მხოლოდ ავტოკრატიული მმართველობა საკმარისი არ არის, – შესაბამისი გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა.

გადაწყვეტილების თანახმად, სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა რუსეთის მიერ კონკრეტული კომპანიის ფაქტობრივი კონტროლის დასადასტურებლად მყარი და ობიექტური მტკიცებულებები უნდა წარადგინონ.

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსეთის ავტოკრატიული რეჟიმის არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმ კომპანიების აქტივების გასაყინად, რომლებიც ირიბად არიან დაკავშირებული ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფ პირებთან“.

სასამართლოს დადგენილებით, მსგავსი ზომა ობიექტური და მყარი მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული.

„ევრონიუსის“ ცნობით, ამჟამად ბრიუსელის „შავ სიაში“ დაახლოებით 3 000 კომპანია და ფიზიკური პირია შეყვანილი. მათ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილად მიიჩნევენ. სანქციების მოქმედების ვადა 15 სექტემბერს უნდა გაგრძელდეს.

„ევრონიუსის“ ცნიბით, სასამართლოს გადაწყვეტილება მკაფიო ზღვარს ავლებს, თუ რა ფარგლებში შეუძლიათ ეროვნულ ხელისუფლებებს იმ კომპანიების აქტივების გაყინვა, რომლებიც ევროკავშირის სანქციების სიაში პირდაპირ არ არიან შეყვანილი, თუმცა სანქცირებულ პირთან არიან დაკავშირებული.

საქმე ეხება ლიეტუვურ ელექტროენერგეტიკულ კომპანიას, Inter Rao Lietuva-ს, რომელიც ლიეტუვის ხელისუფლებამ აქტივების გაყინვის ეროვნულ სიაში შეიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიის წონააღმდეგ ევროკავშირის სანქციები არ არის დაწესებული.

ლიეტუვის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ აღნიშნული კომპანიის საკუთრების სტრუქტურა საკმარის საფუძველს ქმნიდა  სანქცირებულ პირებთან მისი კავშირის დასადგენად. კომპანიის აქციების 51%-ს ფინეთში რეგისტრირებული კომპანია Rao Nordic ფლობს, რომელიც მთლიანად ეკუთვნის PJSC Inter RAO-ს – რუსეთის სახელმწიფო კონტროლქვეშ მყოფ მსხვილ ენერგეტიკულ კომპანიას. ვინაიდან საბოლოო კონტროლი რუსეთის სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ლიეტუვის ხელისუფლებამ დაასკვნა, რომ კომპანია ირიბად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კონტროლქვეშაა. პუტინის წინააღმდეგ კი ევროკავშირს სანქციები აქვს დაწესებული.

თუმცა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ეს არგუმენტი არ გაიზიარა და დაადგინა, რომ შემზღუდავი ზომები კონკრეტულ კომპანიაზე დადასტურებულ კონტროლს უნდა ეფუძნებოდეს, რასაც ობიექტური და საკმარისად მყარი მტკიცებულებები უნდა ადასტურებდეს.

შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ რუსეთის პოლიტიკური სისტემა ავტოკრატიული და ოლიგარქიულია და პუტინს პრაქტიკულად შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს, საკმარისი მტკიცებულება არ არის იმის დასადასტურებლად, რომ პუტინი კონკრეტულ კომპანიას აკონტროლებს.

მსგავსი