„ევროპული საქართველოს“ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა
„ევროპული საქართველოს“ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისში, პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდა აქტივისტების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.

„სიტყვით ევროპელები – საქმით ოკუპანტები“, „დატოვოს მანდატი ოკუპანტების აგენტმა ელენე ხოშტარიამ“, „არა ოკუპანტის ჰიმნს“, – ამ წარწერებიანი სტიკერები გააკრეს მათ პარტიის შესასვლელთან. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია. ისინი დეპუტატების, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის მხრიდან ბოდიშის მოხდასა და საპარლამენტო მანდატების დატოვებას ითხოვენ. ისინი დეპუტატების მიერ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებენ და მათი მოთხოვნის შესრულებამდე პერმანენტულ აქციებს აპირებენ.

„დღევანდელი ჩვენი მოთხოვნა არის იგივე, რაც იყო ამ დღეების განმავლობაში. განსხვავება არის ის, რომ ახალგაზრდები საკუთარი სურვილით გვიერთდებიან და ვართ უფრო მეტნი. რაც შეეხება ფორმას, არის იგივე – აბსოლუტურად მშვიდობიანად მოვდივართ აღნიშნულ ოფისთან, რათა გავაპროტესტოთ ის პრორუსული, საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება საქართველოს პარლამენტში, რომელიც არის ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის მიუღებელი და ჩვენი ქვეყნის პრესტიჟს აზიანებს საერთაშორისო ასპარეზზე. ამას ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ, ვიდრე არ მივიღებთ შესაბამის რეაგირებას და არ მოვისმენთ შესაბამის წუხილს იმასთან დაკავშირებით, რაც გაჟღერდა“, – განაცხადა აქციის მონაწილე ნიკა თიკანაშვილმა.

ამასთან, მედიასთან საუბრისას მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს არ ემსახურებიან.

„ჩვენ ვართ აპოლიტიკურები, მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს გარკვეულ პარტიას წარმოვადგენთ“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.