„ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქცია გრძელდება
„ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქცია გრძელდება

პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან საპროტესტო აქცია გრძელდება. ადგილზე შეკრებილების რაოდენობა შედარებით გაიზარდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არც ერთი პარტიის აქტივისტები არ არიან და „ევროპული საქართველოს“ წევრ ელენე ხოშტარიას მიერ საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის აჟღერებას აპროტესტებენ. ისინი ელენე ხოშტარიასგან ბოდიშს და მანდატის დატოვებას ითხოვენ.

ადგილზე მივიდნენ ელენე ხოშტარიას მხარდამჭერებიც, მათ შორის, მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომლის თქმით, აქციის მონაწილეების პროტესტი არ არის გულწრფელი და არავის მისცემს უფლებას, ელენე ხოშტარიას, თინა ბოკუჩავასა და ხატია დეკანოიძეს შეურაცხყოფა მიაყენონ.

„აი, როცა გავრილოვი ჩამოიყვანეს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვეს, მაშინ უნდა დაეცვათ საქართველოს ღირსება. რომ იძახიან მართულები არ არიან, მთელი „ქართული ოცნება“ მართულია და “ქართული ოცნების“ ყველა მომხრე მართული, უღირსო მონა. იმის შეგნება უნდა ქონდეთ, სად უნდა გამოხატონ პროტესტი და სად არ უნდა გამოხატონ. ესენი ერთჯამში მოიხარშებიან“,- აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ელენე ხოშტარიას მხარდამჭერებს შორის რამდენჯერმე შელაპარაკებაც მოხდა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ელენე ხოშტარიამაც. „სწორედ ასეთი ქვეყანა არ გვინდა ჩვენ, სადაც პარტიები ახალგაზრდებს თავისუფლების სივრცეს კი არ უქმნიან, პარტიულ დავალებებს აძლევენ და ასეთი ტიპის აქციებზე უშვებენ. პოლიტიკურად ეს პროცესი ჩვენთვის ახალი არ არის. „ქართული ოცნებისთვის“ ნაცადი ხერხია, როდესაც არ აქვთ არგუმენტი, აწყობენ აქციას ოპოზიციის წინააღმდეგ. ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს, როდესაც საბჭოთა კავშირს აწყობენ პარლამენტში და მერე როცა ამას სახელი ერქმევა იმ ჰიმნით,  მაშინ ღიზიანდებიან და ბრაზდებიან. ძალიან კარგი, თუ ასე ბრაზდებიან, ეს არის ჩვენი ამოცანა. სამწუხაროდ „ქართული ოცნება“ იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის“.-აღნიშნა ხოშტარიამ.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების მოთხოვნას, რომ ელენე ხოშტარიამ დატოვოს დეპუტატის მანდატი, ხოშტარიამ აღნიშნა: „მანდატს დავტოვებ იმის მიხედვით, რა ჭირდება ქვეყანას და არა იმის მიხედვით, დღეს ბიძინა ივანიშვილმა რა ხრიკი ჩაიფიქრა. ჩვენ პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმში ვართ, ანუ აბსოლუტურად არაფერს არ ცვლის, მანდატი გაქვს თუ არა. მანდატზე არ არ არის აქ საუბარი, „ქართულ ოცნებას“ უნდა ოპოზიიციის პოლიტიკური შევიწროვება, დაჭერით, ჯანმრთელობის დაზიანებით, მუქარით და სამწუხაროდ ახალგაზრდების გამოყენებით, ხან პოლიციის გამოყენებით, სასამართლოს გამოყენებით, ეს ყველაფერი არის გაშიფრული“.