„ევროპული საქართველო“ ზაზა სარალიძეს თავდებში უდგება და შს მინისტრს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
„ევროპული საქართველო“ ზაზა სარალიძეს თავდებში უდგება და შს მინისტრს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

„ევროპული საქართველო“ ზაზა სარალიძეს თავდებში უდგება და შინაგან საქმეთა მინისტრს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს საათებში თავდებობის დოკუმენტი სამართლებრივად გაფორმდება.

„თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, ზაზა სარალიძის დაპატიმრება არ დაუშვან. სწორედ ამიტომ საპარლამენტო უმცირესობის წევრები გამოვდივართ ინიციატივით და მზად ვართ, თავდებში ჩავუდგეთ ზაზა სარალიძეს, რომ ის იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული.

მოვუწოდებ შს მინისტრს, პირადად ბატონ გახარიას, გაითვალისწინოს ჩვენი თავდებობა, უახლოეს პერიოდში ადვოკატთან და ოჯახთან ურთიერთობის შემდეგ, ჩვენ ამას გავაფორმებთ დოკუმენტური წესით, სამართლებრივად, როგორც ეს საჭიროა. მოვუწოდებ ხელისუფლებას, მინისტრ გახარიას, გაითვალისწინოს პარლამენტის წევრების თავდებობა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ზაზა სარალიძე.

მე აქვე მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ძალიან ღრმა პატივისცემა თითოეული რიგითი პოლიციელის მიმართ და ვთქვა, რომ ზაზა სარალიძის გათავისუფლება, დარწმუნებული ვარ, მორალური შვება იქნება მათ შორის იმ პოლიციელისა და მისი ოჯახისთვის, ვისი შეურაცხყოფის საბაბითაც დღეს ხელისუფლება ცდილობს, დააპატიმროს ზაზა სარალიძე. ხელისუფლება ამ გზით ცდილობს, თავიდან მოიშოროს ის ძალიან დიდი უსამართლობა და დიდი ტკივილი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში დატოვა დათო სარალიძის მკვლელობის გამოუძიებლობამ და მკვლელებისთვის ხელის დაფარებამ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ზაზა სარალიძის დაპატიმრება სახელმწიფოს მხრიდან გამოცხადებული პროვოკაციების ქრონიკაა.

„ხუთთვიანი პროვოცირების, დისკრედიტაციის და შევიწროების შემდეგ, ხელისუფლებამ ზაზა სარალიძის დაპატიმრების საბაბი მოძებნა. მიმაჩნია, რომ იმ ადამიანის დაპატიმრება, რომელიც უკვე ხუთ თვეზე მეტია, ქუჩაშია, ეძებს სიმართლეს და მოითხოვს, დაისაჯონ მისი შვილის მკვლელები და მათი მფარველები, რომელთა ვინაობა დოკუმენტურად ცნობილია, ამ ადამიანის დაპატიმრება სცილდება სამართლებრივ, პოლიტიკურ ჩარჩოებს და წარმოადგენს მორალურ ტესტს ჩვენი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.