პარტია „ევროპული საქართველო“ პოლიტიკური საბჭოს შეხვედრას მართავს. შეხვედრის ძირითადი თემა თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკური კამპანიის დაწყებაა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ შეხვედრაზე პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხიც განიხილება.
„ამ პარლამენტში აქტიურ მუშაობას არ ვაპირებთ. საბოლოოდ გადავწყვეტთ ამ საკითხს. შესაბამისად, ჯერჯერობით არავინ საუბრობს იმაზე, ვინ რა მანდატს აიღებს.
თვითმმართველობის არჩევნების მზადების პერიოდში, არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელია ოპოზიციური პარტიების სერიოზული კოორდინაცია. ვფიქრობთ, წარმატების მიღწევისთვის კარგი შეთანხება, პრაგმატული შეთანხმება ისეთ ადგილებში, სადაც გამარჯვება შეიძლება, ოპოზიციამ უნდა შეძლოს. მთავარი ამოცანა იქნება, რომ 43%-იანი ბარიერი არ გადაილახოს სახელისუფლებო პარტიამ.
ოპოზიციას თუკი სურს, რომ მიაღწიოს შედეგს, საერთო ინტერესიდან გამომდინარე, საკვანძო ადგილებში, სადაც გვყავს კარგი კანდიდატები, სადაც შეიძლება გამარჯვების მიღწევა, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. უნდა გავითვალისწინოთ წინა პერიოდის ის შეცდომები, როდესაც არაკოორდინირებულმა მოქმედებებმა და ყველგან საკუთარმა კანდიდატებმა არ მოიტანა კარგი შედეგი ოპოზიციისთვის“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.