„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, დღეიდან „ევროპული საქართველო“ მოსახლეობას დაურიგებს ვალდებულებათა ბარათებს, თუ რისი შესრულების ვალდებულებას იღებს პარტია.
დავით ბაქრაძის თქმით, ეს არ არის მხოლოდ დაპირება და „ევროპული საქართველო“ ხელშეკრულებას დებს მოქალაქეებთან, სადაც ყველა ვალდებულებაზეა საუბარი. დავით ბაქრაძის თქმით, ვალდებულებათა ბარათი და ხელშეკრულება ხალხთან ნათლად აჩვენებს, თუ რას უნდა დაუჭიროს მოსახლეობამ მხარი ოქტომბრის არჩევნებზე და ვის უნდა მოსთხოვოს პასუხი, თუ ეს დაპირება არ შესრულდა.
„ქვეყანა შესულია ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონოიკურ კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოყვანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავლისთვის. ასეთი გეგმა აქვს „ევროპულ საქართველოს“. ჩვენთვის ეს არ არის დაპირება, რადგან სიტყვა „დაპირებამ“ ფასი აბსოლუტურად დაკარგა. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას საქართველოს მოსახლეობის წინაშე და ამ ვალდებულებაზე თითოეული ჩვენგანი ვაგებთ პასუხს.
ეს ვალდებულებაა ის, რომ გადასახადებს შევამცირებთ და მათი შემცირების შემდეგ, ყოველწლიურად შევქმნით ქვეყანაში 100 ათას სამუშაო ადგილს და თითოეულ ოჯახს დავუზოგავთ ყოველწლიურად 2000 ლარს. ვალდებულებაა, რომ გავაორმაგებთ პენსიას, სოციალურ დახმარებასა და დევნილთა დახმარებას. ვალდებულებაა, რომ სახელმწიფოს ხელში არსებულ ქონებას გადავცემთ კერძო საკუთრებაში ადამიანებს, რომ ქონება გამოიყენოს ხალხმა და არა მთავრობამ. ვალდებულებაა, რომ ქვეყანაში მოვიწვევთ უცხოელ მოსამართლეებს, ავამუშავებთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს და ქვეყანაში გვეყოლება თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო.
ყველა ეს ვალდებულება გახლავთ აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან და ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა და ვალდებულებები. დღეიდან ჩვენი გუნდი მოსახლეობას დაურიგებს ამ ვალდებულებათა ბარათს და თითოეულ ადამიანს ეცოდინება, რას აძლევს ხმას არჩევნებზე, რას უნდა ელოდოს და ვის უნდა მოსთხოვოს პასუხი, თუ ეს დაპირებები არ შესრულდა“, – განაცხადა ბაქრაძემ.
ამასთან, დავით ბაქრაძის თქმით, იქნება მეორე დოკუმენტიც.
„გვექნება ორი დოკუმენტი, ერთი არის ვალდებულებათა ბარათი, სადაც მოკლედ არის გაწერილი ყველა ის ვალდებულება, რასაც ვიღებთ. მეორე იქნება ხელშეკრულება ხალხთან, რომელზეც იქნება პარტიის ლიდერების ხელმოწერა.
ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პირადად ვაგებთ პასუხს ყველა იმ ვალდებულებაზე, რასაც ხალხის წინაშე ვიღებთ. მას ექნება პოლიტიკური ვალდებულებითი ძალა და ეს არ იქნება ჰაერში გასროლილი დაპირება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.