ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანი რუსეთის პოზიციებზე გადავიდა
ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანი რუსეთის პოზიციებზე გადავიდა

პოლონეთის სეიმის წევრი, ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთის პოზიციებზე გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ TVN24 ავრცელებს.

„მოდით, გულწრფელად ვთქვათ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ მმართველობასთან, რომელიც ღიად გადავიდა რუსეთის პოზიციებზე. მისი ურთიერთობები მოსკოვთან და პუტინთან ორგანულია. მე არ ვფიქრობ, რომ ჩემი შეხედულება მნიშვნელოვნად შეცვლის მის დამოკიდებულებას“, – ასე უპასუხა ტუსკმა ჟურნალისტის კითხვას მის უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან შესაძლო მოლაპარაკებებზე.

ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ ის და ორბანი დღეს არ არიან პოლიტიკურად ახლოს ერთმანეთთან.

მისი თქმით, უნგრეთი ბლოკავს ევროკავშირის გადაწყვეტილებას პოლონეთისთვის 800 მილიონი ევროს გადაცემის საკითხზე, რომელიც პოლონეთმა უკრაინისთვის იარაღის გადაცემის სანაცვლოდ უნდა მიიღოს.

„ორბანთან ვერ გადაჭრეს ჩვენთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის 800 მილიონი ევრო იარაღისთვის“, – თქვა მან მორავიეცკის მთავრობის შესახებ.

ტუსკის თქმით, ის მკაცრი იქნება ევროსაბჭოში უკრაინასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას და გამოიყენებს სხვადასხვა არგუმენტს, რომ აღმოიფხვრას ორბანის დამოკიდებულების უარყოფითი შედეგები.