ევროპული ქვეყნები „რაგბი ევროპას“ ბომონტის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებენ
ევროპული ქვეყნები „რაგბი ევროპას“ ბომონტის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებენ

„მსოფლიოს რაგბის“ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ევროპულმა ქვეყნებმა უკმაყოფილება გამოთქვეს. საქმე იმაშია, რომ „რაგბი ევროპამ“ არჩევნებში თავისი კუთვნილი ორი ხმა ბილ ბომონტს მისცა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე ზედიზედ მეორე ვადით იქნა არჩეული. როგორც ირკვევა, „რაგბი ევროპის“ წევრი ქვეყნებისთვის ევროპული რაგბის მმართველი ორგანოს ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა. ევროპული ქვეყნები „რაგბი ევროპის“ პრეზიდენტს ოქტავიუ მორარიუს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაში ადანაშაულებენ.

მოგეხსენებათ, „მსოფლიო რაგბის“ საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველომ და რუმინეთმა მხარი აგუსტინ პიშოს დაუჭირეს. გასულ კვირას, „რაგბი ევროპის“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საპროტესტო წერილი გერმანიის რაგბის კავშირმა გაავრცელა, სადაც პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუ მკაცრად გააკრიტიკა. წერილში ნათქვამია, რომ რაგბი ევროპის ხელმძღვანელს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან კონსულტაციები „მსოფლიო რაგბის“ თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით არ გაუმართავს და გერმანიის რაგბის კავშირს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მიეცა. მოგვიანებით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით უკმაყოფილება კიდევ ერთმა ევროპულმა ქვეყანამ გამოთქვა.

კარლოს ამადუ და სილვა (პორტუგალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი) – „პორტუგალიის რაგბის კავშირისთვის არავის არ უკითხავს თუ როგორი იყო ჩვენი პოზიცია „მსოფლიო რაგბის“ თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით. „რაგბი ევროპამ“ გადაწყვეტილება ჩვენი მონაწილეობის გარეშე მიიღო.“

ჯერჯერობით „რაგბი ევროპის“ სხვა წევრ ქვეყნებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ „მსოფლიო რაგბის“ საპრეზიდენტო არჩევნებში ბილ ბომონტმა 28 ხმა, აგუსტინ პიშომ კი 23 ხმა მიიღო.