ევროპული კლუბების შეკრება შვეიცარიაში - სხდომას „დინამო თბილისის“ წარმომადგენლები დაესწრნენ #1TVSPORT
ევროპული კლუბების შეკრება შვეიცარიაში - სხდომას „დინამო თბილისის“ წარმომადგენლები დაესწრნენ #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ აღმასრულებელი დირექტორი ზაზა დოლიძე და დირექტორის მოადგილე თეა შამათავა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში იმყოფებოდნენ, სადაც ევროპის კლუბთა ასოციაციის (ECA) 26-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა.

ორგანიზაციაში 247 კლუბია გაწვერიანებული და ყოველწლიურ შეხვედრებზე მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობენ. ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნასერ ალ-ხელაიფიმ ასამბლეაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა და ბორდის ახალი წევრებიც აირჩია.

„ECA მიიჩნევს, რომ ევროპულ ოჯახს გაერთიანება სჭირდება. ჩვენ უნდა დავიწყოთ ნდობით, პატიოსნებით და ერთმანეთისადმი პატივისცემით. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ წინ აღვუდგეთ საერთო გამოწვევებს. სანამ პანდემია განსაზღვრავს ჩვენს მოკლევადიან პერსპექტივას, საკითხები, რომლებსაც ჩვენ ამ კონვენციაზე განვიხილავთ, მათ შორის საფეხბურთო ოჯახის ყველა დაინტერესებული მხარის ჩათვლით, შექმნის დიდ თამაშს თაობებისთვის. ორგანიზაციაში გაწევრიანებული 247 კლუბის სახელით, ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ უეფა-ს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, გავაერთიანოთ ევროპული ფეხბურთი და ავაშენოთ თამაშის უკეთესი მომავალი – ყველას სასარგებლოდ“, – განაცხადა ECA–ს თავმჯდომარე ნასერ ალ-ხელაიფიმ უეფა-ს კონვენციაზე ევროპული ფეხბურთის მომავლის შესახებ.

2002 წელს უეფა-ს მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა 102 წევრი კლუბი შეკრიბა და ECA ევროპული კლუბების G-14 ჯგუფთან შერწყმის შედეგად დააფუძნა. ამჟამად, ევროპის კლუბების ასოციაცია წარმოადგენს 247 კლუბს 109 სრულუფლებიანი და 139 ასოცირებული წევრით, ეროვნული ასოციაციიდან სულ მცირე 1-1 წევრია. „დინამო თბილისი“ ECA-ს დაარსების დღიდან ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია.