ევროპული ავიახაზებისა და აეროპორტების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ „კოვიდ-19“-ის ციფრული სერთიფიკატების შემოღება მოგზაურობის დროს ქაოსს გამოიწვევს
ევროპული ავიახაზებისა და აეროპორტების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ „კოვიდ-19“-ის ციფრული სერთიფიკატების შემოღება მოგზაურობის დროს ქაოსს გამოიწვევს

ევროპული ავიახაზებისა და აეროპორტების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ „კოვიდ-19“-ის ციფრული სერთიფიკატების შემოღება მოგზაურობის დროს ქაოსს გამოიწვევს. როგორც უმსხვილესი ევროპული ავიახაზებისა და აეროპორტების წარმომადგენელი ჯგუფები ამბობენ, „კოვიდ-19“-ის ციფრული სერთიფიკატების გაცემის სტრატეგია ჯერ კიდევ „ფრაგმენტულია“ და იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ამ საკითხზე კოორდინაცია არ გაუმჯობესდება, მოგზაურებს აეროპორტებში გრძელ რიგებში მოუწევთ დგომა.

„სერტიფიკატების შემოწმების პროცესი ძირს გამოუთხრის ზაფხულში სასიამოვნოდ დასვენების მსურველი მგზავრების მოლოდინებს“, – ნათქვამია ევროპული ავიახაზებისა და აეროპორტების წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებაში.

„მგზავრების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ევროპის აეროპორტებში ქაოსის საფრთხე მატულობს“, – ნათქვამია წერილში.

მათივე თქმით, ამჟამად არ არსებობს „კოვიდ-19“-ის ციფრული სერტიფიკატების დადასტურების ქმედითი მექანიზმი, რაც პროცესს აუცილებად გააჭიანურებს.

ევროკავშირში ციფრული სერტიფიკატები ძალაში პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, რამაც საშუალება უნდა მისცეს ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს უფრო იოლად და თავისუფლად იმოგზაურონ.

სერთიფიკატმა უნდა დაადასტუროს, რომ მგზავრი ვაქცინირებულია, გადატანილი აქვს კორონავირუსი, ან მისი ტესტის პასუხი ნეგატიურია.

16 ქვეყანამ, მათ შორის ისლანდიამ, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის, უკვე დაიწყო ამ სისტემის გამოყენება.