ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის დირექტორი - ბედნიერი ვართ, რომ წელს თავმჯდომარე ქვეყანა საქართველოა, მჯერა, ეს არის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი
ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის დირექტორი - ბედნიერი ვართ, რომ წელს თავმჯდომარე ქვეყანა საქართველოა, მჯერა, ეს არის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი

2024 წელს ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდა. ევროპის საბჭოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად სტრასბურგში მასშტაბური მიღება გაიმართა.

ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის თავმჯდომარეობის ფარგლებში იგეგმება ჩვენს ქვეყანაზე ფოკუსირება, კულტურის, კერძოდ, აუდიოვიზუალური, მედია და კინემატოგრაფიის, ასევე მომიჯნავე სფეროებში მიღწევების წარმოჩენა და გაზიარება.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა თამარ ტალიაშვილმა, კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ და ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუზან ნიკოლტჩევმა.

ღონისძიების ფარგლებში შედგა ორი ახალი პროექტის პრეზენტაცია.

საპატიო მიღებისთვის თბილისიდან სპეციალურად იყო მიწვეული ქართველი პიანისტი გიგი ჭიპაშვილი, რომელმაც შეასრულა გია ყანჩელისა და რევაზ ლაღიძის კინომუსიკა. ისტორიული შენობის კედლებზე ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული ვიდეორგოლები უწყვეტ რეჟიმში გადიოდა.

საქართველოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ ღონისძიებას 150-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა ევროპის 46 ქვეყნიდან, მათ შორის დიპლომატიური კორპუსი, ავტორები, მკვლევრები და ჟურნალისტები.

საქართველო 2014 წლიდან არის ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის წევრი ქვეყანა და წარმოდგენილია კომუნიკაციის კომისიის მეშვეობით.

„მოხარული ვართ, რომ ახალ წელს ვიწყებთ აუდიოვიზუალური ობსერვატორიის საქართველოს თავმჯდომარეობით. ობსერვატორია ევროპის საბჭოს ნაწილია და დაფუძნებულია სტრასბურგში. ჩვენ აქ ვართ, რათა მივიღოთ და გავაზიაროთ ინფორმაცია აუდიოვიზუალური სექტორის შესახებ. ეს ინფორმაცია საჯაროა, ყოველწლიურად ობესერვატორიის რომელიმე წევრი ქვეყანა ხელმძღვანელობს ობსერვატორიას და ეს გვაძლევს განსაკუთრებულ შესაძლებლობას, რომ ყურადღება გავამახვილოთ თავმჯდომარე ქვეყანაზე და სხვა სახელმწიფოებმა შეძლონ მეტი ინფორმაცია მიიღონ ამ ქვეყნის შესახებ. ამ წელს თავმჯდომარე ქვეყანა არის საქართველო. ძალიან ბედნიერები ვართ აღნიშნული თავმჯდომარეობით. მჯერა, ეს არის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი“, – განაცხადა ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუზან ნიკოლტჩევმა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.