ევროპულ ბანკებს ჩრდილოეთ ამერიკიდან ოქროს ეროვნული რეზერვები გამოაქვთ. მიზეზი მზარდი გეოპოლიტიკური გაურკვევლობაა
ოქროს ზოდები (საილუსტრაციო ფოტო)
ევროპის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს ჩრდილოეთ ამერიკიდან მილიარდობით დოლარის ღირებულების ოქრო გააქვთ. ამის მიზეზი მზარდი გეოპოლიტიკური გაურკვევლობაა, რომელიც ევროპულ სახელმწიფოებს აიძულებს, ხელახლა შეაფასონ, თუ სად სჯობია ეროვნული რეზერვების შენახვა. ამ თვეში ნიდერლანდებმა გამოაცხადა, რომ ოქრო კანადიდან და შეერთებული შტატებიდან ევროპაში დააბრუნა. მანამდე ანალოგიური ნაბიჯი საფრანგეთმაც გადადგა. როგორ და რატომ ბრუნდება ოქრო ევროპაში?
თითქმის ერთი საუკუნის წინათ, ევროპელმა მოკავშირეებმა ოქრო, ნაცისტებისგან დასაცავად, ამერიკაში გაიტანეს. ახლა კი, რთული ფინანსური და ლოგისტიკური ოპერაციების მეშვეობით, მას უკან აბრუნებენ. ევროპის უმსხვილესმა ეკონომიკებმა ოქროს ზოდების რეპატრიაცია უკვე განახორციელეს.
ნიდერლანდებმა შეერთებული შტატებიდან და კანადიდან 86 ტონა ოქრო დააბრუნა, საფრანგეთმა – 129 ტონა, ხოლო გერმანიამ 200 ტონაზე მეტი ოქროს რეპატრიაცია ჯერ კიდევ 2016 წელს მოახდინა.
გასულ კვირას ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ ოქროს რეზერვების რეპატრიაცია უკვე დაასრულა.
ნიდერლანდების ცენტრალური ბანკი: „ქვეყნის ცენტრალური ბანკი, მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, კრიზისისთვის მზადყოფნის ზომებს აძლიერებს. ნიდერლანდების ოქროს რეზერვების ლიკვიდურობის და მათი მარტივად გაყიდვის შესაძლებლობის გაუმჯობესება ამ ღონისძიებების ნაწილია“.
10 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების 86 ტონა ოქრო ნიდერლანდებმა ევროპაში ორი გზით დააბრუნა – ნიუ-იორკში ოქროს ზოდების გაყიდვით და ლონდონში მათი შესყიდვით; 7 ტონა ოქრო კი, რომლის ღირებულებაც თითქმის 4 მილიარდ ევროს შეადგენს, ფიზიკურად გადმოიტანეს. შეერთებულ შტატებში დაცული ყველა რეზერვი საფრანგეთმაც უკან დააბრუნა. ოქროს ძველი ზოდები, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა, პარიზმა უკვე გაყიდა.
ერიკ მონე – პარიზის ეკონომიკური სკოლის პროფესორი: „ოფიციალური მიზეზია ხარისხის სტანდარტის კორექტირება, თუმცა კიდევ ორი რეალური მიზეზი არსებობს – გეოპოლიტიკური და სუვერენული. აშშ-ის მიმდინარე პოლიტიკით განპირობებული ამერიკული დოლარისადმი მზარდი უნდობლობის ფონზე, ცენტრალური ბანკები ოქროს მნიშვნელობას ხელახლა აფასებენ“.
ძვირფასი ლითონის ფასი ბოლო 20 წლის განმავლობაში ხუთჯერ გაიზარდა – პირველი პიკი 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს დაფიქსირდა, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისში 1 ტრუას უნცია ოქროს ფასმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და 5 000-დოლარიან ზღვარს პირველად გადააბიჯა.
გეოპოლიტიკური გაურკვევლობა ქვეყნებს ოქროს შესყიდვისკენ უბიძგებს, თუმცა მისი შენახვა ძვირი ჯდება, განსაკუთრებით – შედარებით მცირე ცენტრალური ბანკებისთვის.
როგორც ირკვევა, ოქროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საცავი ინგლისის ბანკია. ლონდონის ცენტრში მდებარე 300 წლის შენობის ქვეშ 230 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დაახლოებით 400 000 ოქროს ზოდი ინახება.
ეს ტენდენცია მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება. თავისი ოქროს რეზერვების ადილმდებარეობა გასული წლის განმავლობაში მსოფლიოს ცენტრალური ბანკების 10-მა პროცენტმა შეცვალა.