ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ანა ბიერდე გახდა
ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შვედეთის მოქალაქე ანა ბიერდე გახდა. ამ პოზიციაზე ის უხელმძღვანელებს მსოფლიო ბანკის სტრატეგიულ, ანალიტიკურ, ოპერაციულ და საგანმანათლებლო საქმიანობას. ამის შსახებ მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
მსოფლიო ბანკში აცხადებენ, რომ ოცდახუთწლიანი კარიერის განმავლობაში, ანა ბიერდეს რამდენიმე წამყვანი პოზიცია ეკავა მსოფლიო ბანკში. ის აღიარებული ლიდერია ეკონომიკის განვითარების სფეროში, ვიწრო სპეციალიზაციით ინკლუზიურ ზრდასა და მდგრად განვითარებაში. მან ამ პოზიციაზე შეცვალა სირილ მიულერი, რომელიც ვიცე პრეზიდენტის თანამდებობას ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2015 წლის ივლისიდან იკავებდა.
მსოფლიო ბანკი ასევე აღნიშნავს, რომ ანა ბიერდე აღნიშნულ თანამდებობაზე ბანკის კლიენტი ქვეყნებისთვის განსაკუთრებულ დროს დაინიშნა. „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო ბევრ ქვეყანას ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან ბრძოლა უწევს. უწყვეტი გაურკვევლობის ფონზე მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური ბიულეტენის უახლესი გამოცემა გვთავაზობს რეგიონისთვის უარყოფითი ეკონომიკური ზრდის სხვადასხვა სცენარებს, რომელთა თანახმად ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2020 წელს ადგილი ექნება ეკონომიკურ ვარდნას და ზრდის მაჩვენებელი -4.4 და -2.8 პროცენტს შორის მოექცევა.
„როგორც ვიცე-პრეზიდენტი ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში, მე მჭიდროდ ვითანამშრომლებ კლიენტი ქვეყნების მთავრობებთან მათ დასახმარებლად განვითარების მიმართულებით შედეგების მიღწევაში, მაგრამ ამჟამად გადაუდებელი აუცილებლობაა პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებზე ფოკუსირება.
მოკლევადიან პერიოდში ჩვენ ვახდენთ დაფინანსების და პოლიტიკის ინსტრუმენტების სწრაფ მობილიზებას ადამიანების სიცოცხლის და საარსებო საშუალებების დასაცავად. შესაბამისი ღონისძიებებით და დაფინანსებით საშუალოვადიან პერიოდში ქვეყნებს დავეხმარებით კრიზისით გამოწვეული ეკონომიკური და ფისკალური სირთულეების დაძლევაში“,- აღნიშნა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ანა ბიერდემ.
დღეისათვის მსოფლიო ბანკმა უკვე გამოყო 1.4 მლრდ. აშშ დოლარი ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების დასახმარებლად „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ზემოქმედების შესამსუბუქებლად. 2020 წლის 2 აპრილიდან დაახლოებით 490 მლნ. აშშ დოლარი დამტკიცდა საგანგებო რეაგირების ღონისძიებების პროექტებისთვის. ამასთან ერთად, არსებული პროექტებიდან და კრედიტებიდან 925 მლნ. აშშ დოლარის გადანაწილება და გამოყენება მოხდა დამატებითი დაფინანსების ჩათვლით, ქვეყნების დასახმარებლად „კოვიდ-19“-ის მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში. ეს დაფინანსება გამოყენებული იქნება სამედიცინო ტექნიკის, მათ შორის, ტესტების კომპლექტების, რესპირატორებისა და სავენტილაციო მოწყობილობების შესაძენად და ჯანდაცვის სისტემების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მედიკოსების ტრენინგის ჩათვლით, პანდემიის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენის სოციალურ მხარდაჭერასთან ერთად. რეგიონის რამდენიმე ქვეყანა ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს მსოფლიო ბანკთან სამომავლო პროექტების და დახმარების შესახებ, რომელიც მათ ხელს შეუწყობს პანდემიის შედეგების დაძლევაში. მსოფლიო ბანკში აცხადებენ, რომ ფართო და სწრაფ რეაგირებას ახდენენ განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად პანდემიის საპასუხო ღონისძიებების გაძლიერების მიზნით, დაავადებებზე დაკვირვების გასაზრდელად, ჯანდაცვის ინტერვენციების გასაუმჯობესებლად და კერძო სექტორის ხელშესაწყობად ოპერირებაში და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში. მსოფლიო ბანკი ფინანსური დახმარების სახით დაახლოებით 160 მლრდ. აშშ დოლარს გამოიყენებს მომდევნო 15 თვის განმავლობაში ქვეყნების ხელშეწყობის მიზნით, ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების დასაცავად, კომპანიების მხარდასაჭერად და ეკონომიკის აღდგენის გასაძლიერებლად. მასში შედის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (IDA) 50 მლრდ. აშშ დოლარი, რომელიც გრანტების ან ხელსაყრელი პირობების მქონე სესხების გასაცემად იქნება ათვისებული.