ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანა საფრანგეთში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს
სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები აფრთხილებენ მოქალაქეებს, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებსა და საპროტესტო აქციებს, რათა ძალადობრივ დაპირისპირებაში მოხვედრის რისკი შეამცირონ.
კერძოდ, იტალიის ხელისუფლება საფრანგეთში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანაში ყოფნა სპეციალურ ვებსაიტზე ან აპლიკაციაში დაარეგისტრირონ, რათა საჭიროების შემთხვევაში მათი ადგილსამყოფელის დადგენა შესაძლებელი იყოს. ამასთან, მოქალაქეებს ურჩევენ, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ მომდევნო დღეებში საფრანგეთში არეულობა კვლავ გაგრძელდება. უწყება გერმანიის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ ადგილობრივი პოლიციის მითითებებს.
საფრანგეთში მყოფ ჩეხეთის მოქალაქეებს ურჩევენ, თავი აარიდონ დემონსტრაციებს, მსვლელობებსა და მასობრივ შეკრებებს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საფრანგეთში უსაფრთხოების მდგომარეობა გაუარესებულია.
ამასთან, პოლონეთის ხელისუფლება საფრანგეთში ჩასულ მოქალაქეებს მოუწოდებს, მოერიდონ იმ ადგილებს, სადაც საპროტესტო აქციები იმართება.
დანია, შვედეთი, ფინეთი და ნორვეგია საფრანგეთში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებენ, მოერიდონ დემონსტრაციებს და ადგილობრივი ხელისუფლების მითითებები დაიცვან.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საფრანგეთში მოქმედმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ქვეყანაში გამგზავრების მსურველ ჩინეთის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდეს. სახელმწიფო მედიის ცნობით, მოქალაქეებს ურჩევენ, ყურადღებით იყვნენ შესაძლო საფრთხეების მიმართ, გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები და მოერიდონ იმ ადგილებს, სადაც საპროტესტო აქციები იმართება.