ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, იანე სანდანსკის სახელობის სპორტული ცენტრის მთავარ დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის ზაფხულის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.
ცერემონიაზე, ტრადიციისამებრ, შედგა დელეგაციათა აღლუმი. ფიცი დადეს სპორტსმენებმა, მსაჯებმა, ასევე აღიმართა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა და დაინთო ოლიმპიური ცეცხლი.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იყვნენ ძიუდოისტი გიორგი მუმლაძე და ტყვიის მსროლელი ლიზი აღნიაშვილი.
21-დან 26 ივლისის ჩათვლით ოლიმპიურ ფესტივალში სპორტის 15 სახეობაში მონაწილეობას მიიღებს 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი 14-18 წლის სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში (ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში) იასპარეზებს 36 სპორტსმენი.
პირველ დღეს, 21 ივლისის საქართველოს ნაკრებიდან შვიდი სპორტსმენი იასპარეზებს: ბადმინტონის ტურნირში დანიელ ვაგარშაკიანი და ქეთევან წამალაიძე ჩაერთვებიან, ანასტასია მიქელაშვილი და სალი შჩერბაევა 100 მეტრზე თავისუფალი სტილით საკვალიფიკაციო გაცურვაში მიიღებენ მონაწილეობას, სიგრძეზე მხტომელთა შესარჩევ ეტაპზე ლიზი მუღალაშვილი გამოვა, ტყვიის მსროლელთა კვალიფიკაციაში კი სანდრო ხოსიტაშვილს და ლიზი აღნიაშვილს ვიხილავთ.