ევროპის სტაბილური კლუბი, სადაც რონალდო და ფიგუ იზრდებოდნენ - ქოჩორაშვილში „სპორტინგი“ 7 მილიონს გადაიხდის #1TVSPORT
ევროპის სტაბილური კლუბი – ლაკონურად ასე ახასიათებენ ლისაბონის „სპორტინგს“, სადაც ახალი სეზონიდან საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ „ლევანტეს“ ოფიციალური გვერდის ცნობით, პორტუგალიურ „სპორტინგთან“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია. ქართველი ფეხბურთელი „ლევანტეში“ 30 ივნისამდე იჯარით დარჩება.
რაც შეეხება „სპორტინგს“ პორტუგალიის ჩემპიონატში ამ საუკუნეში მე-5 ადგილის ქვემოთ მხოლოდ ერთხელ დაეშვა – 2012/13 წლების სეზონში „ლომები“ მე-7 ადგილზე გავიდნენ.
„სპორტინგი“ პორტუგალიის 20-გზის ჩემპიონია, მათ შორის, წარმატება ბოლო სეზონში იზეიმა. 22-ჯერ ვიცე-ჩემპიონი გახდა, 17-ჯერ თასის მფლობელი, 9-ჯერ სუპერთასს დაეუფლა. ამ გუნდის დასახასიათებლად ისიც კმარა, რომ კრიშტიანო რონალდომ კარიერა მისი ფორმით 2002-03 წლებში დაიწყო, ხოლო 1989-95 წლებში ლუიშ ფიგუ გამოდიოდა. გუნდი მუდმივად ევროტურნირების მონაწილეა.
საერთაშორისო სარბიელზე ლისაბონელებმა თასი ერთხელ აწიეს – 1964 წელს თასების მფლობელთა თასი მოიგეს, ხოლო 2005-ში – უეფა-ს თასის ფინალში გავიდნენ, მანამდე კი ჯგუფურ ეტაპზე თბილისში „დინამოს“ 4:0 მოუგეს. ამჟამად ევროპულ საკლუბო რეიტინგში „სპორტინგი“ 34-ე ადგილზეა.
გამოცემა „ა ბოლას“ ინფორმაციით, პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის ლიდერი ესპანურ „ლევანტეს“ 25 წლის ქართველი ფეხბურთელის საფასურად 7 მილიონ ევრო გადაუხდის – 5,5 მილიონს ფიქსირებულს, პლუს 1,5 მილიონს – ბონუსებით.