ევროპის შვიდ ქვეყანას მიაჩნია, რომ ნაცისტური გერმანიის ქმედებების შედეგად დაზარალებულებს კომპენსაციას არათანაბრად უხდიან
ევროპის შვიდი ქვეყანა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს თხოვნით მიმართავს, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის ქმედებების შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდისადმი არათანაბარი მიდგომა შეისწავლოს. ამის შესახებ დოკუმენტის ინიციატორმა პოლონელმა დეპუტატმა არკადიუშ მულიარჩიკმა განაცხადა.
როგორც პოლონური სააგენტო PAP-ი წერს, ძირითადად, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, რომელიც მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის კომპენსაციისთვის სამართლებრივი გზების არარსებობას ეხება. არკადიუშ მულიარჩიკის თქმით, განცხადებას პოლონეთთან ერთად ხელს აწერენ, უკრაინა, სომხეთი, ლიტვა, სლოვაკეთი, ჩეხეთი და დიდი ბრიტანეთი.
„შეიძლება ითქვა, რომ ეს არის შემთხვევების მთელი პალიტრა, ათი ათასობით, ასი ათასობით საქმე, ადამიანი, რომლებსაც არ აქვთ სასამართლოს უფლება, სადაც ისინი შეძლებდნენ გერმანიისგან სამხედრო დანაშაულებისთვის კომპენსაციის მოთხოვნას“, – აღნიშნა მულიარჩიკმა.
განცხადების ავტორების მტკიცებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიამ დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან სამხედრო რეპარაციების შესახებ მრავალი ორმხრივი შეთანხმება გააფორმა, თუმცა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან მსხვერპლი თითქმის მთლიანად უგულებელყოფილია.