ევროპის საკითხებში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ლუ შაე - უკრაინის შესახებ სამშვიდობო შეთანხმება მხოლოდ აშშ-მა და რუსეთმა არ უნდა განსაზღვრონ
უკრაინის შესახებ სამშვიდობო შეთანხმება მხოლოდ აშშ-მა და რუსეთმა არ უნდა განსაზღვრონ, – „საუზ ჩაინა მორნინგ პოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპის საკითხებში ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუ შაემ განაცხადა.
ლუ შაეს თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინის კრიზისის მოგვარებაზე, მაგრამ ნებისმიერი სამშვიდობო პროცესი უნდა მოიცავდეს ყველა დაინტერესებული მხარის აღიარებასა და მონაწილეობას, ევროპული ქვეყნების ჩათვლით.
„სხვადასხვა შემოთავაზებული გადაწყვეტილება უნდა განიხილებოდეს თანასწორად და არ უნდა იყოს ნაკარნახევი რჩეულთა ვიწრო წრის მიერ“, – განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა.
ლუ შაემ ასევე აღნიშნა, რომ ის შეძრწუნებულია იმით, როგორ ეპყრობა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპელ მოკავშირეებს. მისი თქმით, თეთრი სახლი „ატარებს უხეშ და დომინანტურ პოლიტიკას ევროპის მიმართ“.
„ევროპელ მეგობრებს უღირთ, დაფიქრდნენ ამაზე და შეადარონ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ჩინეთის მთავრობის პოლიტიკას. ისინი დაინახავენ, რომ ჩინეთის დიპლომატიური მიდგომა აქცენტს აკეთებს მშვიდობაზე, მეგობრობაზე, კეთილგანწყობასა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობაზე“, – განაცხადა ლუ შაემ.
ლუ შაე ცნობილია სკანდალური განცხადებებით. კერძოდ, დიპლომატმა 2023 წლის აპრილში, საფრანგეთში ჩინეთის ელჩის თანამდებობაზე ყოფნისას, ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ანექსირებული ყირიმი თავიდანვე რუსული იყო, რის შემდეგაც გადაეცა უკრაინას ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ.