„ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფი – პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა წარმოადგენს „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად სასამართლოს გამოყენების მაგალითს

16:01, 25.11.2026

„ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ჯგუფმა მოამზადა რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.

რეზოლუციის პროექტის ავტორები არიან: ინგებორგ ტერ ლააკი, რასა იუკნევიჩიენე, კშიშტოფ ბრეიზა, იზაბელ ვისელერ-ლიმა, სებასტიან ბუგალიო, ანტონიო ლოპეს-ისტურიზ ვაითი, რეინჰოლდ ლოპატკა, ანდრეი კოვაჩევი, მიხალ ვავრიკიევიჩი, ლიუდას მაჟილისი, დანუშე ნერუდოვა, ანა მიგელ პედრო, ლუკაშ კოჰუტი, ტომაშ ზდეხოვსკი, დავორ ივო შტიერი, ლუდეკ ნიდერმაიერი, ბოგდან ანდჟეი ზდროევსკი, ნიკოლას პასკუალ დე ლა პარტე, მიხალ შჩერბა, შონ კელი, კამილა გასიუკ-პიჰოვიჩი, ინეზე ვაიდერე, ვანგელის მეიმარაკისი.

როგორც რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული, „მსოფლიოში ცნობილ ქართველ ბანს, პაატა ბურჭულაძეს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული და ევროპული კულტურის განვითარებაში, წარმოადგენს საქართველოს სახელოვნებო და სამოქალაქო ცხოვრების თვალსაჩინო ფიგურას, 2026 წლის 7 მაისს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც, ადგილობრივი არჩევნების პარალელურად, ფართომასშტაბიანი ანტისახელისუფლო პროტესტი გაიმართა, რასაც მოჰყვა ძალადობრივი შეტაკებები დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის“.

პროექტის მიხედვით, „ამ მოვლენებს მოჰყვა სისხლისსამართლებრივი დევნა ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მომიტინგეების მიმართ, მათ შორის ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ. საქართველოში კვლავ პატიმრობაში რჩება მრავალი სინდისის პატიმარი თავიანთი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის განხორციელების გამო“.

ამასთან, რეზოლუციის პროექტის თანახმად, „„ქართული ოცნების“ რეჟიმი აგრძელებს სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენებას და შემზღუდველი კანონმდებლობის მიღებას პოლიტიკური ოპონენტების, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ“.

დოკუმენტის მიხედვით, რეზოლუციის პროექტის ავტორები „მკაცრად გმობენ პაატა ბურჭულაძისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის სხვა პოლიტპატიმრების პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას; მოითხოვენ მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას; მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაშინების, შევიწროებისა და რეპრესიების ყველა ფორმა, რომლებიც მიმართულია ოპოზიციის წარმომადგენლების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ; გმობენ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ სასამართლო ხელისუფლების იარაღად გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების დევნის მიზნით; ხაზს უსვამენ, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სამართლიანი განხილვის შედეგად დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე, რაც დღეს საქართველოში გარანტირებული არ არის“.

გარდა ამისა, პროექტის თანახმად, რეზოლუციის პროექტის ავტორები „ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გამამტყუნებელი განაჩენები ახალგაზრდა ქართველებს ართმევს განათლებისა და შრომის უფლებას და მიზნად ისახავს მთელი თაობის დაშინებას; მოითხოვენ ასეთი ჩანაწერების/ნასამართლეობის გაუქმებას; ხაზს უსვამენ ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობას დაზარალებული ახალგაზრდებისთვის“.

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ „პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა წარმოადგენს „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ მშვიდობიანი პოლიტიკური პროტესტის ჩასახშობად სასამართლო სისტემის გამოყენების თვალსაჩინო მაგალითს“.

როგორც რეზოლუციის პროექტის ავტორები აღნიშნავენ, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოითხოვენ:

„ყველა დაკავებულს — განსაკუთრებით ხანდაზმულებსა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს — ჰქონდეთ წვდომა სათანადო სამედიცინო დახმარებაზე, ადვოკატებსა და ოჯახის წევრებთან, რომ ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების დიპლომატებსა და ევროპარლამენტის წევრებს ჰქონდეთ შეუფერხებელი წვდომა პოლიტპატიმრებთან, ხოლო პატიმრობის პირობები შეესაბამებოდეს ადამიანის ღირსებას;

მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ მიზნობრივი სანქციები — მათ შორის სავიზო აკრძალვები და აქტივების გაყინვა — იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში პოლიტიკურ დევნაზე, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებსა და დემოკრატიულ უკუსვლაზე, კერძოდ: ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ;

ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის, მათი დემოკრატიული მისწრაფებებისა და ევროპული მომავლის მიმართ და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებებს, აღადგინოს დემოკრატიული მმართველობა და შეასრულოს საქართველოს ევროპული ვალდებულებები“.

ევროპარლამენტში ამ საკითხზე რეზოლუციის კიდევ რამდენიმე პროექტია მომზადებული, რომელთა ირგვლივაც დებატები დღეს გაიმართება, ხოლო რეზოლუციის შეჯერებულ პროექტს ხვალ, 26 ნოემბერს უყრიან კენჭს.

მსგავსი