„ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
„ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

„ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციაში – „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკური დევნის შესახებ“ აღნიშნულია, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ ევროკავშირსა და პარტნიორებს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ასევე რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ, ასევე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„ვინაიდან ქართველი ხალხი მოელის თავისი ქვეყნის წინსვლას ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე, რათა უზრუნველყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული, უსაფრთხო და აყვავებული მომავალი;

ვინაიდან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკომისიის 12 რეკომენდაციის, როგორც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შემდგომი ნაბიჯის, აშკარა უგულებელყოფა;

ვინაიდან გრძელდება პოლიტიკური პატიმრობა და ადეკვატურ სამედიცინო მკურნალობაზე უარის თქმა, ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქისა და მოქმედი თანამდებობის პირის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელიც იმყოფება საქართველოს ციხეში, როგორც პუტინის პირადი ტყვე; სააპელაციო სასამართლომ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებით, ძალაში დატოვა პოლიტიკური ბრალდებები ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, მხოლოდ აღრმავებს დემოკრატიულ რეგრესს საქართველოში და რუსეთის გავლენას ქვეყანაში, რომელიც გამოწვეულია ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობითა და საქართველოში სახელმწიფოს ხელში ჩაგდებით.

საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ 2022 წლის 9 ივნისის ევროპარლამენტის რეზოლუციისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაციის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2463 რეზოლუციის (მე-7 მუხლი) გათვალისწინებით;

ოლიგარქიული მმართველობის გამყარების, სახელმწიფოს ხელში ჩაგდებისა და საქართველოს მთავრობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების სრულ კონტროლზე, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციულ პიროვნულ როლთან დაკავშირებით, „ევროპის სახალხო პარტიის“ წინა შეშფოთებების გათვალისწინებით;

ვინაიდან ევროპის სახალხო პარტია საქართველოს ევროინტეგრაციის მტკიცე და დიდი ხნის მომხრე და მხარდამჭერია;

 

„ევროპის სახალხო პარტია“ მოუწოდებს:

საქართველოს მთავრობას, დაემორჩილოს ქართველი ხალხის ნებას და ევროკავშირის 12 რეკომენდაციების სულისკვეთებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმითა და აუცილებელი რეფორმების განხორციელებით, დააბრუნოს ქვეყანა ევროპულ გზაზე, ქართველი ხალხისა და მისი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავალის საკეთილდღეოდ;

საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, მკაფიოდ გაემიჯნონ და დაგმონ სიძულვილის შემცველი რიტორიკა და ყალბი ამბები, რომელსაც მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლები ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ ავრცელებენ, როდესაც მათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით ვაჭრობაში და საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ ომის მეორე ფრონტის გახსნაში ადანაშაულებენ;

საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტებისა და თავისუფალი მედიის მიმართ პოლიტიკური დევნა და უზრუნველყოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ადეკვატური მკურნალობისთვის სხვა ქვეყანაში ჰუმანიტარული გადაყვანა და ციხიდან გაათავისუფლოს ტელეკომპანია მთავარის დირექტორი ნიკა გვარამია;

ევროკავშირსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟში მისი როლისა და საქართველოს და რეგიონულ უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის გამო“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.