ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ორგანიზებით და ინიციატივით, „თანასწორობის კვირეულის“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ორგანიზებით და ინიციატივით, „თანასწორობის კვირეულის“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ორგანიზებით და ინიციატივით, „თანასწორობის კვირეულის“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიათა პანელში მონაწილეობას იღებდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სახალხო დამცველის აპარატი. „თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

როგორც ღონისძიების დაწყებამდე ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, სტეფან სირბუმ ჟურნალისტებს განუცხადა, კვირეულის მიზანია საქართველოში თანასწორობის შესახებ ცნობიერების გაზრდა.

„დღევანდელი ღონისძიების მიზანია თანასწორობის კვირეულის გახსნა და საქართველოში თანასწორობის შესახებ ცნობიერების გაზრდა. საქართველომ მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართა და მიაღწია პროგრესს დისკრიმინაციის და თანასწორობის საკითხების შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესების კუთხით. ამავე დროს, როგორც ბოლო კვლევები აჩვენებს, საქართველოს საზოგადოებაში გაიზარდა ცნობიერება თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით, ასევე იმის გაცნობიერება, რომ უმცირესობების წარმომადგენლების უფლებები უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა სტეფან სირბუმ.

„თანასწორობის კვირეული“ 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.