ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ზალკალიანი ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა განცხადებას უერთდება
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ზალკალიანი ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა განცხადებას უერთდება

ევროპის საბჭოს წევრი 47 ქვეყნის ლიდერის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 70 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაკეთდა, რომელსაც ხელს აწერენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტი დავით ზალკალიანი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დაემსი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსი.

როგორც საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის სავალალო შედეგების საწინააღმდეგოდ.

უწყების ცნობით, მასში აისახა ევროპელი ლიდერების მხრიდან წარსულის შეცდომებზე სწავლის და ინდივიდების უფლებების დაცვის სურვილი. მშვიდობა და სტაბილურობა მხოლოდ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კონსოლიდაციის მეშვეობით არის შესაძლებელი.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20 000-ზე მეტმა განჩინებამ, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მიერ აღსრულებულმა, კონტინენტის მასშტაბით ადამიანების ცხოვრება სხვადასხვა ფორმით გააუმჯობესა. კონვენცია ცოცხალი ინსტრუმენტია, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა ადამიანის უფლებების ახალი გამოწვევების წინაშე ეფექტიანობა, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის და ბიომედიცინის სფეროში“ – ნათქვამია განცხადებაში.

„კონვენციის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობებს და ევროპის ხალხს, აღვნიშნოთ მისი მიღწევები და შევინარჩუნოთ მისი გადამწყვეტი პოტენციალი, არა მხოლოდ დღეს, ჩვენი თანამოქალაქეების, არამედ მომავალი თაობებისთვისაც”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელსაც, თავდაპირველად, 12 ქვეყნის მიერ 1950 წლის 4 ნოემბერს მოეწერა ხელი, დღეს ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში 830 მილიონ ადამიანზე მეტს იცავს.

დატოვე კომენტარი