ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების მეგობრობის ჯგუფის მიწვევით, თამარ ტალიაშვილმა მარიუპოლში მყოფი უკრაინელი ჟურნალისტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების მეგობრობის ჯგუფის მიწვევით, თამარ ტალიაშვილმა მარიუპოლში მყოფი უკრაინელი ჟურნალისტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა,​ ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების მეგობრობის ჯგუფის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო მარიუპოლში მყოფი უკრაინელი ჟურნალისტის, ანა მურლიკინის პრეზენტაციაში.

„ის არის უკრაინის დონეცკის რეგიონალური ონლაინ პორტალის ხელმღვანელი და დღემდე მარიუპოლში ემსახურება თავის პროფესიას და უკრაინელ ხალხს. მან წარმოადგინა ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც აღწერს რუსეთის აგრესიას და ომის დანაშაულებს უკრაინაში.

ასევე მნიშვნელოვანი იყო ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის გენერალური მდივნის, რიკარდო გუტიერესის ანგარიში უკრაინაში ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლებთან დაკავშირებით.

მე, როგორც საქართველოს წარმომადგენელმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, კიდევ ერთხელ გამოვხატე მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და აღვნიშნე ის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, რასაც საქართველო ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით ახორციელებს“, – აცხადებს თამარ ტალიაშვილი.