ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

10:46, 06.07.2026

პორტუგალიაში, საბერძნეთში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ბალკანეთის ქვეყნებში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ტყის ხანძრებს ახლა სამხრეთ ევროპის ექვსი ქვეყანა ებრძვის. სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში გაჩენილმა ხანძარმა კი, შესაძლოა, ორშაბათს Tour de France-ის მესამე ეტაპის ნაწილობრივი გაუქმებაც გამოიწვიოს.

კვირას სამხრეთ ევროპის მასშტაბით – პორტუგალიაში, საბერძნეთში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ბალკანეთის ქვეყნებში მეხანძრეები რამდენიმე მსხვილ კერას ებრძოდნენ. ევროპელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ წელს, განსაკუთრებით ივლისსა და აგვისტოში, ტყის ხანძრების გაჩენის უკიდურესად მაღალი საფრთხე არსებობს.

საფრანგეთში ხანძარი აღმოსავლეთ პირენეის დეპარტამენტში, ტრევილიაკის რაიონში გაჩნდა. შედეგად მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი – მეხანძრე და ადგილობრივი მცხოვრები. ორივე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. ცეცხლის ჩაქრობაში ჩართულია დაახლოებით 750 მეხანძრე, 200 ერთეული სპეციალური ტექნიკა, ცხრა სახანძრო ვერტმფრენი და სხვა საჰაერო საშუალებები. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის აქტიური ფრონტის სიგრძე 18 კილომეტრს აღწევს. დეპარტამენტში ხუთი ათასი მცხოვრების ევაკუაცია გამოცხადდა. გავრცელებული ცნობით, ხანძრის მაღალი რისკი 41 დეპარტამენტში არსებობს, რომელთაგან შვიდში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.

ხანძარს ებრძვიან პორტუგალიაშიც. ქვეყანამ დახმარება ესპანეთსა და იტალიას სთხოვა. 2 ივლისს გაჩენილმა ხანძარმა უკვე 12 000 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ხანძრის ქრობის პროცესში მონაწილეობს 1 200-ზე მეტი მეხანძრე, თითქმის 400 ერთეული ტექნიკა და 15 თვითმფრინავი. გავრცელებული ცნობით, ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე აქტიური კერა.

ესპანეთმა პარასკევს პორტუგალიაში დამატებითი მეხანძრეები, სპეციალური ტექნიკა და ორი სახანძრო თვითმფრინავი გაგზავნა. დახმარებას ორი სახანძრო თვითმფრინავის გაგზავნით შეუერთდა იტალიაც. ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო ესპანეთიდანაც. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჟირონის რეგიონში მძვინვარე ტყის ხანძარმა თითქმის 2 200 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ხანძრის შემთხვევით გაჩენაშია ეჭვმიტანილი.

ტყის ხანძრებმა მოიცვა საბერძნეთიც. ათენის დასავლეთით მასშტაბურ ხანძარს 150-ზე მეტი მეხანძრე, 22 თვითმფრინავი, სპეციალური დანიშნულების ჯგუფები და მოხალისეები ებრძვიან. თესალონიკთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში გაჩენილი ხანძრის შედეგად ჰაერში ტოქსიკური კვამლი გავრცელდა. ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. პოლიციამ 76 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი.

მასშტაბური ტყის ხანძრები ასევე დაფიქსირდა ხორვატიის კუნძულ ჰვარზე და ალბანეთის ქალაქ ტალეს მიმდებარე ტერიტორიაზეც. ხანძრებს წინ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკიდურესი სიცხე უძღოდა.

მსგავსი