ევროპის მაუწყებელთა კავშირმა რუსეთს წევრობა შეუჩერა
ევროპის მაუწყებელთა კავშირმა რუსეთს წევრობა შეუჩერა

ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმასრულებელმა საბჭომ რუსულ სამაუწყებლო ორგანიზაციებს განუსაზღვრელი ვადით წევრობა შეუჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება აღმასრულებელმა საბჭომ 26 მაისს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო. წევრობა შეუჩერდა სამ რუსულ სამაუწყებლო კომპანიას – „ერტეერს“, „პერვი კანალსა“ და რადიო „დომ ოსტანკინოს“.

აღნიშნული მედიაორგანიზაციებისთვის წევრობის შეჩერების პროცედურის ინიცირება აღმასრულებელი საბჭოს მიერ 7 აპრილს გამართულ შეხვედრაზე მოხდა.

გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და მისი ვადა გადახედვას დაექვემდებარება. გადაწყვეტილების მიღებისას აღმასრულებელმა საბჭომ გაითვალისწინა, რომ სამივე წევრს აქვს უფლება, საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს ევროპის მაუწყებელთა კავშირის წესდების შესაბამისად, თუმცა აპელაციის გადაწყვეტილებამდე წევრობის შეჩერება ძალაში იქნება.