ევროპის მაუწყებელთა კავშირმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მოიცავს ინტერვიუებს მედიის სფეროს ლიდერებთან, მათ შორის თინათინ ბერძენიშვილთან
ევროპის მაუწყებელთა კავშირმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მოიცავს ინტერვიუებს მედიის სფეროს ლიდერებთან, მათ შორის თინათინ ბერძენიშვილთან

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ყოველწლიური საინფორმაციო ანგარიში გამოაქვეყნა, სახელწოდებით „რა არის შემდეგ? საზოგადოებრივი მედია დისტრაქციის, მოსაზრებებისა და ინფორმაციის სიუხვის ეპოქაში“.

ანგარიშში საუბარია, როგორ ცდილობენ საზოგადოებრივი მაუწყებლები საზოგადოებასთან კავშირის გაძლიერებას მრავალ გამოწვევასთან გამკლავების პარალელურად.

ანგარიში მოიცავს 40-ზე მეტ ინტერვიუს მედიის სფეროს ლიდერებთან, ექსპერტებთან, მათ შორის საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორთან თინათინ ბერძენიშვილთან.

როგორც 2021-2022 წლების ანგარიშშია ნათქვამი, შესაძლებელია ორგანიზაციის გარდაქმნა მთავრობის მიერ კონტროლირებადი სახელმწიფო ტელევიზიიდან ისეთ მედიასაშუალებად, როდესაც ის მიიჩნევა როგორც მიუკერძოებელი და სანდო. ერთ-ერთი მაგალითი არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

თინათინ ბერძენიშვილი საუბრობს იმ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იდგა.

„სახელმწიფო ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად 2005 წელს გარდაიქმნა. ჩვენ მიმართ ჯერ კიდევ ცოტა პოსტსაბჭოთა განწყობაა, ბევრი ფიქრობს, რომ ეს არის სახელმწიფო ტელევიზია და ვალდებული ვართ, ვემსახუროთ მთავრობას. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ვემსახუროთ ჩვენს აუდიტორიას და განვუმარტოთ მათ, რამდენად განვსხვავდებით კომერციული მედიისგან, რა არის ჩვენი ღირებულებები. ჩვენ უნდა ავუხსნათ ეს ხალხს, ჟურნალისტებს“.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგია მოიცავს ინტენსიურ შიდა და გარე კომუნიკაციას, კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ხაზგასმას და სხვა მედიაორგანიზაციებიდან საუკეთესო მაგალითების გამოყენებას.

„ეს არის ძალისხმევა და ხელმძღვანელობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. თუმცა ეს არის შესაძლებელი და საბოლოოდ, ეს ამად ღირს“, – ნათქვამია ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ძლიერ პოლიტიზებულ გარემოში, კონსტრუქციული ჟურნალისტიკა შესაძლოა, იყოს საუკეთესო გზა ისეთი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, როდესაც პოლიტიკური დისკურსი მისი მონაწილეების მიერ კონფლიქტად ყალიბდება, ან როდესაც სახელმწიფოს მიერ მედიის კონტროლი ზღუდავს ზოგად დისკუსიებს.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ კონსტრუქციული ჟურნალისტიკა არის გზა, გაზარდოს საზოგადოების ინტერესი დაბალანსებული და მრავალფეროვანი რეპორტაჟებისადმი, რომლებიც ორიენტირებულია გამოსავალზე და არა დაპირისპირების უბრალოდ ასახვაზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გაგზავნის ჟურნალისტებს ორჰუსში, რომლებიც ჟურნალისტიკის ახალი სახის ელჩები გახდებიან.

„ჩვენ ამ მოგზაურობის მხოლოდ დასაწყისში ვართ“, – აღნიშნავს თინათინ ბერძენიშვილი.

„მედია ყოველთვის არის საზოგადოების სარკე, საჭიროა განსხვავებული მიდგომები განსხვავებულ ბაზრებზე. თუმცა ჩვენ ვიღებთ დასავლეთ ევროპული მოდელების საუკეთესო მაგალითებს და ვცდილობთ, განვახორციელოთ ისინი აქ. ჩვენთვის საუკეთესო ნიმუში ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელია, ჩვენ გვაქვს მსგავსება მოსახლეობის რაოდენობისა და სტრუქტურის მხრივ“, – ამბობს ინტერვიუში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.

დატოვე კომენტარი