ევროპის მაუწყებელთა კავშირის გამოცემაში DTI PLAYBOOK საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სწრაფი ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებულ მაგალითად არის შეფასებული
ევროპის მაუწყებელთა კავშირის გამოცემაში DTI PLAYBOOK საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სწრაფი ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებულ მაგალითად არის შეფასებული

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივის (DTI) მორიგ გამოცემაში – DTI PLAYBOOK საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შეფასებულია როგორც სწრაფი ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებული მაგალითი.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის გამოცემაში საუბარია, თუ როგორ დააჩქარა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი ტრანსფორმაცია მდგრადი ნაბიჯებით.

„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ციფრული ტრანსფორმაციის ისტორია ნამდვილად წარმოადგენს მასშტაბური აზროვნებისა და მცირედით დაწყების პრინციპების მაგალითს. კომპანია თანდათან აღწევდა წარმატებას წარმატებაზე, რამაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან მოკლე პერიოდში გადააქცია მსხვილ ციფრულ მოთამაშედ“, – ნათქვამია ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

გამოცემაში საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ნიუსრუმის, ტექნიკური გადაიარაღების, მულტიმედიური ახალი ამბების პლატფორმის შესახებ, ასევე მეგაპროექტების – „საქართველოს ვარსკვლავის“, „მასტერშეფის“, „მარტივი ლოგიკის“ ციფრულ წარმატებაზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ როდესაც დაიწყო „კოვიდ-19“-ის პანდემია და მთელი სამყარო თავდაყირა დააყენა, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სწრაფად გადააქცია თავისი მეორე არხი საგანმანათლებლო პლატფორმად – „ტელესკოლა“.

ევროპის მაუწყებელთა კავშირი ასევე აღნიშნავს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2021 წელს ამოქმედებულ მობილურ აპლიკაციას MobileTV, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ, ყველაზე რეიტინგულ გადაცემებს ნებისმიერ დროს უყურონ. ციფრული სტრატეგიის ფარგლებში, მომხმარებელთა მოსაზიდად და შესანარჩუნებლად, პრემიერები და ზოგიერთი გადაცემა ხელმისაწვდომია მხოლოდ ახალ აპლიკაციაში.

„არაფერი მომხდარა შემთხვევით. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტრანსფორმაცია არის შედეგი ფრთხილი სტრატეგიული დაგეგმარებისა და აღსრულებისა, როდესაც იცი, როდის დაიწყო და როგორ განავითარო“, – აღნიშნულია ორგანიზაციის გამოცემაში.