ევროპის მაუწყებელთა კავშირი ბელარუსს ევროვიზიის კონკურსზე წარდგენილი სიმღერის შეცვლას, ან ახალი სიმღერის წარდგენას სთხოვს
ევროპის მაუწყებელთა კავშირი ბელარუსს ევროვიზიის კონკურსზე წარდგენილი სიმღერის შეცვლას, ან ახალი სიმღერის წარდგენას სთხოვს

ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) ბელარუსს ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე წარდგენილი სიმღერის შეცვლას, ან ახალი სიმღერის წარდგენას სთხოვს.

როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სიმღერა სახელწოდებით I’ll Teach You (მე შენ გასწავლი), რომლითაც როტერდამში ევროვიზიაზე ჯგუფი Galasy ZMesta უნდა წარდგეს, ეჭვქვეშ აყენებს კონკურსის არაპოლიტიკურ ხასიათს. ამას გარდა, კონკურსის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სიმღერის წარდგენაზე რეაქციების გათვალისწინებით, არსებობს „ევროვიზიის“ რეპუტაციის შელახვის რისკი.

ევროპის მაუწყებელთა კავშირში აცხადებენ, რომ უკვე აცნობეს ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიას იმის შესახებ, რომ სიმღერა ამჟამად არსებული სახით კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ბელარუსულ მხარეს ტექსტის შეცვლილი ვერსიის ან კონკურსის წესების შესაბამისი ახალი სიმღერის წარდგენას სთხოვენ. აღნიშნულის შეუსრულებლობის შედეგად ბელარუსი შესაძლოა, დისკვალიფიცირებულ იქნას მიმდინარე წლის კონკურსიდან.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ჯგუფი Galasy Zmesta ღიად აკრიტიკებდა ბელარუსში ანტისამთავრობო დემონსტრაციებს და საპროტესტო აქციებს ქვეყნის განადგურების მცდელობად აფასებდა.

„ეს არის ბელარუსი ხალხის დაცინვა“, – ასე გამოეხმაურა სიმღერის წარდგენას ევროვიზიაზე ანჟელიკა აგურბაში, რომელიც ბელარუსს მუსიკალურ კონკურსზე 2005 წელს წარადგენდა.

თავად ჯგუფის წევრი დმიტრი ბუტაკოვი სააგენტო „როიტერთან“ საუბარში უარყოფს, რომ სიმღერა კონკურსის წესებს არღვევს.

„ეს ჩემთვის სიახლე არაა. ეს მოსალოდნელი იყო“, – ასე გამოეხმაურა ის ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებას.