ევროპის ლიგამდე „ჩიხურამ“ რატი არდაზიშვილი დაიმატა
ევროპის ლიგამდე „ჩიხურამ“ რატი არდაზიშვილი დაიმატა

ევროპის ლიგის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ რატი არდაზიშვილი საჩხერის „ჩიხურას“ ფეხბურთელი გახდა, – ინფორმაციას საჩხერული კლუბი ავრცელებს.

„ჩიხურას“ პრესსამსახურის ცნობით, 20 წლის შემტევი ნახევარმცველი გუნდს თბილისის „ლოკომოტივიდან“ 6-თვიანი იჯარით შეუერთდა. ის „ჩიხურაში“ 26-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

საჩხერის „ჩიხურა“ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრისთვის ივანწმინდა არენაზე ემზადება. გუნდი ლუქსემბურგის „ფოლა ეშის“ დაუპირისპირდება. საჩხერელები პირველ შეხვედრას ლუქსემბურგის ქალაქ ეშში, ადგილობრივ „ფოლასთან“ მატჩს ემილ მაირიშის სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყებს. განმეორებით კი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“, 17 ივლისს 20:00 საათზე გაიმართება.

ლუქსემბურგის „ფოლა“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხშირად ასპარეზობს და საკმაოდ კარგი შედეგითაც გამოდის. 2018-2019 წლების საკვალიფიკაციო ეტაპზე „ფოლა“ მეორე ეტაპიდან გამოეთიშა გათამაშებას, ხოლო 2017-2018 წლების სეზონზე კი მესამე ეტაპამდე მიაღწია.

სეზონის შემდეგ ლუქსემბურგის გუნდი 18 ფეხბურთელს დაემშვიდობა, მათ შორის, გუნდის ლიდერ ჰადჯის, რომელიც „ფოლას“ გოლიადორი იყო. მეტოქის რიგებში გამოჩნდა ფრანგი შემტევი გაუტიერ კარონი, რომელიც ასევე ლუქსემბურგის ჩემპიონატის ბინადარ „დიფერდანჟში“ გამოდიოდა და გასულ სეზონზე 13 გოლის გაიტანა.