ევროპის ხუთი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მოწოდებით გამოვიდნენ
ევროპის ხუთი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მოწოდებით გამოვიდნენ

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროპის ხუთი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მოწოდებით გამოვიდნენ. გამოცემის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბერლინში უმასპინძლა ფრანგ, იტალიელ, პოლონელ და ბრიტანელ კოლეგებს. შეხვედრა გაიმართა ახალ ფორმატში, რომელსაც ბრიტანელი მინისტრი ჯონ ჰილი „E5″-ს უწოდებს.

ხუთივე მინისტრმა მოითხოვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება. ჯონ ჰილი კი კიევის მხარდაჭერის „გაორმაგების“ ინიციატივით გამოვიდა.

„ჩვენ ხუთს გვსურს, შევინარჩუნოთ თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი უკრაინისთვის“, – თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

საუბარია ე.წ. რამშტაინის ფორმატზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ხელმძღვანელობდა.

„ევროპას მოუწევს უფრო კოორდინირებულად მოქმედება საერთო მიზნებით, რათა იყოს კარგი პარტნიორი აშშ-ისთვის“, – თქვა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსიაკ-კამიშმა.

მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანი არ არის ის, თუ რა თანხას ხარჯავენ ნატო-ს ქვეყნები შეიარაღებაზე და საბრძოლო მასალაზე, არამედ ის, თუ როგორ ხარჯავენ ამ თანხას.

„მიუხედავად იმისა, გაიზრდება თუ არა თავდაცვის ბიუჯეტი 2, 2.5 ან 3%-მდე, ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ხარვეზები შესაძლებლობებსა და საშუალებებში, ეს არის ყველაზე მთავარი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბორის პისტორიუსმა.