ევროპის ექვს ქვეყანაში ათობით სუპერმარკეტი სავარაუდო კიბერშეტევის სამიზნე გახდა, რამაც მაცივრების მუშაობაზე იმოქმედა, ბელგიასა და ლუქსემბურგში Delhaize-ის დაახლოებით 40 სუპერმარკეტი დაზარალდა

17:50, 02.11.2026

ევროპის ექვს ქვეყანაში ათობით სუპერმარკეტი სავარაუდო კიბერშეტევის სამიზნე გახდა, რამაც მათი მაცივრებისა და საყინულეების მუშაობაზე იმოქმედა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბელგიასა და ლუქსემბურგში კომპანია Delhaize-ის დაახლოებით 40 სუპერმარკეტი დაზარალდა, შვედეთში, ირლანდიაში, ნიდერლანდებსა და ესტონეთში კი კიბერთავდასხმა შედარებით მცირე რაოდენობის მაღაზიებს შეეხო.

ბელგიურმა კომპანია Sabcobel-მა, რომელიც აღნიშნული მაცივრების ნაწილს აწარმოებს, განაცხადა, რომ მოწყობილობების ამაორთქლებლები გალღობის რეჟიმზე გადაიყვანეს, რამაც მათი გათბობა გამოიწვია.

როგორც მედია წერს, სავარაუდოდ, იგივე მეთოდი გამოიყენეს, რაც გამოყენებული იყო გასულ თვეში საფრანგეთში, როდესაც ასობით სუპერმარკეტი დაზარალდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მილიონობით ევროს ღირებულების საკვები პროდუქტის გადაყრა გახდა საჭირო.

Sabcobel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან მოლანსმა, რომლის კომპანიაც Delhaize-ის სისტემების მართვას უზრუნველყოფს, საინფორმაციო სააგენტო Belga-ს განუცხადა, რომ ინციდენტი კიბერშეტევა იყო. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას კიბერშეტევის უკან.

მსგავსი