ევროპის ენერგეტიკული სისუსტე: რატომ ვერ ამბობს ევროკავშირი რუსულ თხევად გაზზე უარს

13:42, 25.08.2026
წამყვანი რუსული ბუნებრივი აირის (LNG) მწარმოებლის „ნოვატეკის" ლოგო / ოლგა მალცევა, საინფორმაციო სააგენტო “ფრანს პრესი" (AFP)

წამყვანი რუსული ბუნებრივი აირის (LNG) მწარმოებლის „ნოვატეკის" ლოგო / ოლგა მალცევა, საინფორმაციო სააგენტო “ფრანს პრესი" (AFP)

ბელგიურ პორტ ზებრიუგედან 4 000 კილომეტრის დაშორებით, რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, იამალის ნახევარკუნძული მდებარეობს, სადაც საშუალო ტემპერატურა -10.5 გრადუსს აღწევს. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მიუხედავად, ციმბირის ყინულებით გარშემორტყმული და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანესთან მოსაზღვრე ქარხანა, რომელიც რუსეთში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოების ერთ-ერთი უდიდესი ობიექტია, ფუნქციონირებას მაინც განაგრძობს. გერმანული გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია Urgewald-ის კვლევის თანახმად, 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე ამ ლოკაციიდან ევროპულ პორტებში 136 გადამზიდი გემი შევიდა. აქედან ყველაზე მეტი ტვირთი, 37 გემი, სწორედ ზებრიუგეს გაზის ტერმინალმა მიიღო.

აღნიშნულ მონაცემებს ბელგიის ეკონომიკის ფედერალური საჯარო სამსახურის (FPS) ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. „ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ზებრიუგეში გემებით შემოსული თხევადი ბუნებრივი აირის 49 პროცენტი რუსეთიდან, 36 პროცენტი შეერთებული შტატებიდან, ხოლო 7 პროცენტი ყატარიდან შემოვიდა“, – აღნიშნულია უწყების ანგარიშში. ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს ხვედრითი წილი კიდევ უფრო გაიზარდა: FPS-ის ცნობით, ივნისში მაჩვენებელმა 75 პროცენტს მიაღწია, ხოლო ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის გამოთვლებით, ივლისში ეს რიცხვი 100 პროცენტამდე გაიზარდა.

საბეტას პორტი, რუსეთი: გაზის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იამალის ნახევარკუნძულზე. ობიექტი კარას ზღვის სანაპიროზე, პოლარულ წრეში მდებარეობს მოსკოვიდან 2 450 კილომეტრში / ფოტო: კირილ კუდრიავცევი, AFP

მართალია, ეს ციფრები მაღალია, თუმცა რეალური სურათის დასანახად კონტექსტის გათვალისწინებაა საჭირო. ბოლო თვეებში ბელგიაში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი აბსოლუტურ მაჩვენებლებში მცირდება, რადგან ქვეყანა რუსეთიდან შესყიდვების შემცირებას ეტაპობრივად ახორციელებს. ივლისის მონაცემებით, ნორვეგიიდან (14.9 ტვტ/სთ) და გაერთიანებული სამეფოდან (11.8 ტვტ/სთ) მილსადენებით მიღებული გაზის შემდეგ, იმპორტის ეს წყარო მხოლოდ მესამე ადგილზე (5 ტვტ/სთ) იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, 2025 წელს ბელგიაში მოხმარებული პირველადი ენერგიის 7.1 პროცენტს კვლავ თხევადი ბუნებრივი აირი შეადგენდა, მიმდინარე წელს კი თხევადი გაზის მთავარ მომწოდებლად კვლავ მოსკოვი რჩება.

რაც შეეხება მთლიანად ევროკავშირს, მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსული გაზის იმპორტი იზრდება. „ევროკავშირს ამდენი რუსული გაზი არასდროს შემოუტანია. 2026 წლის იანვარში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ხოლო მარტიდან მაისამდე პერიოდში იმპორტი 17 პროცენტით გაიზარდა“, – აღნიშნავს საფრანგეთის სტრატეგიული ანალიზის ინსტიტუტის მკვლევარი და ჟურნალ Orients Stratégiques-ის მთავარი რედაქტორი დავიდ რიგულე-როზი. მისივე განმარტებით, ეს ზრდა 2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემებთან შედარებით ფასდება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ევროკომისია იუწყება, რომ რუსული გაზის იმპორტის მოცულობა 2021 წელს არსებული 152 მილიარდი კუბური მეტრიდან 2025 წელს 36 მილიარდ კუბურ მეტრამდე შეამცირა.

პრაქტიკულად, ეს პროცესი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საომარ მანქანას აფინანსებს. ვარაუდობენ, რომ შესყიდვების ზრდის ფონზე, რუსეთი დღეში თითქმის 60 მილიონ ევროს იღებს. პრობლემა კი ის გახლავთ, რომ ევროპას სხვა არჩევანი არ გააჩნია.

დავიდ რიგულე-როზი, სტრატეგიული ანალიზის ფრანგული ინსტიტუტის მკვლევარი

Urgewald-ის მონაცემებით, იამალიდან ევროპაში იმპორტირებულმა ბუნებრივმა აირმა რუსეთს 5.96 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა. „ევროპა რუსულ თხევად ბუნებრივ აირს უბრალოდ კი არ ყიდულობს, არამედ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტის თითქმის სრულ პროდუქციას ითვისებს. ეს გადარიცხვები იმ ფონზე გრძელდება, როდესაც უკრაინა რუსული სარაკეტო და დრონების იერიშების ახალ ესკალაციას უპირისპირდება“, – აცხადებენ გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

მოკლედ რომ ვთქვათ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირი რუსული გაზის იმპორტის მკვეთრ შემცირებას ცდილობდა და ამას მიაღწია კიდეც, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი კვლავ იზრდება.

ირანის ომის შედეგები

უკრაინაში მიმდინარე ომისა და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციების მრავალი პაკეტის ფონზე, ევროპისა და ბელგიის მიერ რუსეთისაგან გაზის შესყიდვა შესაძლოა გასაკვირი იყოს, თუმცა ამ მოვლენას რამდენიმე მიზეზი აქვს.

პირველ რიგში, რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის ბელგიას, ვლადიმერ პუტინის სახელმწიფოსთან გრძელვადიანი კონტრაქტები აკავშირებდა. „მიწოდების ორი ტიპი არსებობს: გრძელვადიანი კონტრაქტები, სადაც ფასის დაფიქსირებაა შესაძლებელი, რუსებთან სწორედ ასეთი ხელშეკრულებები გვქონდა, რომელთა შესრულებაც გვევალება, და სპოტ-ბაზრები, სადაც ფასი ყოველ წუთს იცვლება“, – განმარტავს ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (UCLouvain) საერთაშორისო ფინანსების პროფესორი ბერტრან კანდელონი.

მეორე მიზეზი გეოპოლიტიკურ ხასიათს ატარებს. ირანის ომმა და ახლო აღმოსავლეთში მისმა შედეგებმა თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება შეაფერხა. „ევროპისთვის განკუთვნილი თხევადი გაზის დიდი ნაწილის ტრანსპორტირება ვეღარ ხორციელდება. ეს პროდუქცია ყატარიდან მოდიოდა, ჰორმუზის სრუტის ბლოკირება კი სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს“, – აცხადებს ფრანგი მკვლევარი დავიდ რიგულე-როზი. შეფასებების თანახმად, ომამდე მსოფლიო თხევადი გაზის დაახლოებით 20 პროცენტი სწორედ ჰორმუზის სრუტეზე გადიოდა. გარდა ამისა, დაბომბვის შედეგად ყატარის ინფრასტრუქტურის ნაწილი დაზიანდა.

„ეს ყოველივე მიწოდებას ამცირებს, ბუნებრივი აირი კი სადღაციდან მაინც უნდა მივიღოთ. შედეგად, რუსულ თხევად გაზზე თითქმის 100 პროცენტით ვართ დამოკიდებულნი“, – დასძენს ბერტრან კანდელონი.

ევროპული უარის თქმის სტრატეგია

მიუხედავად ამისა, 2026 წლის იანვარში ევროკავშირმა რუსულ გაზზე ეტაპობრივი უარის თქმის გეგმა დაამტკიცა. ამჟამად რუსული გაზის (როგორც თხევადი, ისე მილსადენის) იმპორტი აკრძალულია, თუ შესაბამისი მოკლევადიანი ან გრძელვადიანი ხელშეკრულება 2025 წლის 17 ივნისის შემდეგ გაფორმდა.

წინ კიდევ ორი მნიშვნელოვანი ეტაპია. 2027 წლის პირველი იანვრიდან რუსული თხევადი გაზის იმპორტი, კონტრაქტის ხანგრძლივობისა თუ გაფორმების თარიღის მიუხედავად, სრულად აიკრძალება. 2027 წლის ბოლოსთვის კი (ევროპული გაზის მარაგების მდგომარეობის მიხედვით, სექტემბერში ან ნოემბერში), მილსადენებით იმპორტიც აიკრძალება. ზღვაზე გასასვლელის არქონის გამო, გამონაკლისი მხოლოდ სლოვაკეთსა და უნგრეთზე გავრცელდება. 2023 წელს ამ ორმა ქვეყანამ გაზის იმპორტის შესაბამისად 63.9 და 78.1 პროცენტი სწორედ რუსეთის გავლით განახორციელა.

შესაბამისად, რუსული გაზის ონკანი გადაიკეტება, გაზმზიდავი გემები კი ზებრიუგესა თუ ევროპის სხვა პორტებში ტვირთს ვეღარ ჩამოცლიან. მართალია, ბელგია თხევადი გაზის იმპორტით მოსკოვზე ამჟამად ძლიერ არის დამოკიდებული, თუმცა დე ვევერის მთავრობამ რუსულ მიწოდებაზე უარის თქმის ეს გეგმა დაადასტურა.

„რუსულ გაზზე უარის თქმის ზომების მიღების პროცესში ბელგია მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა და ევროპულ სანქციებს სრულად ახორციელებს“, – აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი მატიე ბიე. მისი თქმით, ეტაპობრივი უარის თქმის გრაფიკი შეთანხმებულია. „ბელგია ამ მიდგომას მხარს უჭერს და მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციისთვის ევროპელ პარტნიორებთან და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს, რათა ენერგოუსაფრთხოება გაძლიერდეს და რუსულ გაზზე დამოკიდებულება ეტაპობრივად შემცირდეს. სანქციების ეფექტიანობისა და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ეს ტრანსფორმაცია ევროპულ დონეზე კოორდინირებულად უნდა განხორციელდეს“.

ბელგიის ენერგეტიკის მინისტრი მატიე ბიე / ფოტო: ნიკოლას მაეტერლინკი, AFP

ერთ დამოკიდებულებას მეორე არ უნდა ჩაენაცვლოს

ეს ვითარება ერთ კითხვას ბადებს: რით უნდა ჩაანაცვლოს ევროკავშირმა რუსული გაზის ის მოცულობა, რომელიც ევროპაში დღემდე შემოდის?

პირველი ვარიანტი მიწოდების ახალი წყაროების მოძიებას ან ამ იმპორტის მილსადენებით ჩანაცვლებას გულისხმობს. „მაგალითად, მოლაპარაკებებს ამჟამად ნორვეგიასთან ვაწარმოებთ“, – აღნიშნავს ბერტრან კანდელონი. თუმცა, დივერსიფიკაციის შესაძლებლობები შეზღუდულია. თხევადი გაზის მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებლად აშშ რჩება (გლობალური წარმოების 26 პროცენტი), რომელსაც ყატარი (19 პროცენტი) და ავსტრალია (18 პროცენტი) მოსდევენ, რუსეთი კი 7 პროცენტით მეოთხე ადგილზე იმყოფება.

„დივერსიფიკაციის არეალი შემცირდება. თუ ადრე თხევადი გაზის ხუთი ან ექვსი მსხვილი მწარმოებელი გვყავდა, ახლა მათი რაოდენობა სამამდე შემცირდება. რუსეთი ალტერნატივას აღარ წარმოადგენს, ყატარიც დროებით გამორიცხულია. შესაბამისად, იძულებულნი ვიქნებით, სხვებს მივმართოთ. ალტერნატივას მხოლოდ ჩვენ არ ვეძებთ, რაც ამ მწარმოებლებს დიდ უპირატესობას ანიჭებს. ეს კი ფასის ზრდას უწყობს ხელს“, – განაგრძობს პროფესორი.

შესაბამისად, ჩნდება რისკი, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულება სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულებით ჩანაცვლდეს. „ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი შეერთებული შტატებია. უკვე ვნახეთ, თუ როგორ დაიწყო დონალდ ტრამპმა ევროპაზე ზეწოლა და განაცხადა: „თუ ევროპა ირანის საომარ კამპანიაში წვლილს არ შეიტანს, მათ თხევად გაზზე დამატებითი გადასახადი დაეკისრებათ“, – დასძენს კანდელონი.

დავიდ რიგულე-როზი ვითარებას მსგავსად აფასებს: „გათვლების თანახმად, 2028 წლისთვის ევროპული გაზის 80 პროცენტი შეერთებული შტატებიდან შემოვა. რეალურად, პრობლემა უცვლელი რჩება და მხოლოდ დამოკიდებულების ფორმა იცვლება, ამერიკაზე დამოკიდებულება რუსეთსა თუ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე დამოკიდებულებას ანაცვლებს. ეს ენერგომომწოდებლებზე ევროპის სტრუქტურული დამოკიდებულებიდან მომდინარე რეალურ სისუსტეს წარმოადგენს“.

მეორე გამოსავალი ენერგეტიკულ ტრანზიციასა და გაზზე უარის თქმაში მდგომარეობს, რამაც ევროპას დამოუკიდებლობა უნდა მოუტანოს. სწორედ ეს გახლავთ Repower EU-ის გეგმის მთავარი არსი, რომელიც ევროკომისიამ 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ წარადგინა. ინიციატივა წიაღისეულ საწვავზე უარის თქმასა და განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდას ითვალისწინებს. შესაბამისად, მიზანი ორმაგია: კლიმატური და გეოსტრატეგიული.

„წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად, ევროპა ენერგეტიკული ტრანზიციის დასაჩქარებლად და ენერგობალანსის დივერსიფიკაციისთვის მართლაც დიდ ძალისხმევას დებს. თუმცა, მანამ, მოგვწონს ეს თუ არა, რეალობა უცვლელი რჩება და მთავარ პრობლემას სწორედ ეს წარმოადგენს“, – დასძენს ფრანგი მკვლევარი.

სტატიის ავტორია პოლ ლონსინი (ბელგიის ფრანგულენოვანი ტელერადიო მაუწყებელი – RTBF). თავდაპირველად გამოქვეყნდა: 18 აგვისტო, 2026, 17:05 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი