საქართველოში ევროპის დღეები ოფიციალურად გაიხსნება
საქართველოში ევროპის დღეები ოფიციალურად გაიხსნება

საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული ევროპის დღეები დღეს ოფიციალურად დაიწყება და მაისის ბოლომდე გაგრძელდება. ​საქართველოში ევროპის დღეები უკვე მეშვიდედ აღინიშნება.

დღეს, ერთი დღით, თბილისის რიყის პარკი „ევროსოფლად“ გადაიქცევა და მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

ღონისძიებაზე მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროკავშირის პროგრამები. ისინი წარადგენენ საქართველოში განხორციელებულ აქტივობებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ.

ევროპის დღის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მუსიკალური ნომრები, საოჯახო გასართობი აქტივობები, მრავალფეროვანი თამაშები, ქართული და ევროპული ზღაპრების თეატრალური წარმოდგენები. კვების განყოფილებაში შესაძლებლობა გექნებათ შეიგრძნოთ ევროპის „გემო“.

ღონისძიების კულმინაცია კი იქნება საღამოს კონცერტი ჯგუფ 33ა-სა და DJ Nicole-ს მონაწილეობით.

​ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ცნობით, წლევანდელი ევროპის დღეები განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩევა.

„საქართველოს რეგიონებში გვექნება ძალიან ინტენსიური დაფარვა, საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ქსელები გაფართოვდა, ამჟამად გვაქვს 10 რეგიონული წარმომადგენლობა. შესაბამისად, ღონისძიებების უმრავლესობა ჩატარდება სწორედ რეგიონებში. საინფორმაციო კამპანიის მიზანია მოსახლეობისთვის იმ სიკეთეების შესახებ ინფორმაციის მიტანა, რაც საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის პროცესში. წელს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი, შესაბამისად, ჩვენი საინფორმაციო კამპანიაც გააკეთებს აქცენტს რომ სხვადასხვა ღონისძიებებით უფრო თვალსაჩინო გავხადოთ ის მიღწევები, რაც საქართველოს აქვს ამ 10 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში. ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება უვიზო მიმოსვლა და ა.შ.“ – აცხადებს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე.

ევროპის დღეების ფარგლებში წელს უკვე მეექვსედ მასწავლებლებისთვის გაიმართება სემინარი მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ. სემინარს დაესწრება საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან 150 მასწავლებელი. გამოვლინდებიან წლის განმავლობაში განხორციელებული საუკეთესო პროექტების ავტორი პედაგოგები, რომლებსაც გადაეცემათ სპეციალური პრიზი.

აგრეთვე, ევროპის დღეების ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება სემინარი: ევროპა – ისტორიული არჩევანი, რომელსაც, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები (120 მონაწილე) დაესწრებიან.

ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს ფართო საზოგადოება, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები. გაიმართება მრავალი ღონისძიება როგორც თბილისში, ასევე, საქართველოს რეგიონებში, ჯამში 80-მდე ღონისძიება.

წელს ევროპის დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით, კონკურსები, სპორტული აქტივობები და გასართობი ღონისძიებები.

„ევროპის დღეები წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც იმართება საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე მრავალი ღონისძიება. მზარდი ანტი დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა“, – აცხადებენ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში.