ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდიოსტების მეტოქეები ცნობილია - ფინალური ბლოკის რეპორტაჟები საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდიოსტების მეტოქეები ცნობილია - ფინალური ბლოკის რეპორტაჟები საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

3-5 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქი მონპელიე ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. კონტინენტის პირველობის წინ წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველი სპორტსმენების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა.

პირველ საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი იბრძოლებს.

60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი პირველ წრეს გამოტოვებს და მეორე ეტაპზე ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე რამაზან აბდულაევსა და ავსტრიელ დანიელ ლეუტბეგს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილიც მეორე წრიდან იჭიდავებს. იგი პირველ შეხვედრაში ასევე ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მურად ჩოპანოვსა და მოლდოველ რადუ იზვორეანუს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ქალთა შორის 57 კგ-ში ეთერ ლიპარტელიანის პირველი მეტოქე ესპანელ ადრიანა როდრიგეს-სალვადორისა და ნეიტრალური დროშთ მოასპარეზე ქსენია გალიცკაიას შეხვედრაში გამოვლინდება, ხოლო ნინო ლოლაძე პირველ წრეში ბრიტანელ ლელე ნაირნეს დაუპირისპირდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო 19:00 საათიდან ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:

კაცები

60 კგ – გიორგი სარდალაშვილი;

66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი;

73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი;

81 კგ – ტატო გრიგალაშვილი;

90 კგ – ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე;

100 კგ – ილია სულამანიძე;

+100 კგ – გურამ თუშიშვილი.

ქალები

57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე;

63 კგ – ეთერ ასკილაშვილი;

70 კგ – ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია;

78 კგ – სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა კი ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.