ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში | საქართველოს ნაკრები მეორე მატჩს დღეს უნგრეთის წინააღმდეგ ჩაატარებს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში | საქართველოს ნაკრები მეორე მატჩს დღეს უნგრეთის წინააღმდეგ ჩაატარებს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დღეს, 6 იანვარს მეორე ტურის შეხვედრაში უნგრეთის ნაკრებს ეთამაშება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ორივე ნაკრები დამარცხდა – საქართველომ იტალიასთან 5:22 წააგო, უნგრეთმა კი საბერძნეთთან – 8:10.

ევროპის ჩემპიონატი წელს განახლებული ფორმატით ტარდება. 16 ნაკრები ორ დივიზიონში, ოთხგუნდიან ჯგუფებში გადანაწილდა. საქართველო A დივიზიონის B ჯგუფში იტალიის, უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებთან ერთად მოხვდა. A ჯგუფში კი ხორვატია, ესპანეთი, საფრანგეთი და მონტენეგრო თამაშობენ.

B დივიზიონი

C ჯგუფი: სერბეთი, გერმანია, ისრაელი, მალტა

D ჯგუფი: რუმინეთი, ნიდერლანდები, სლოვენია, სლოვაკეთი.

ჯგუფური ეტაპის დასრულები შემდეგ A დივიზიონის ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო პირდაპირ მეოთხედფინალში გავა, მესამე-მეოთხე ადგილზე გასული გუნდები კი მეორე დივიზიონის ჯგუფების პირველ-მეორეადგილოსნებს შეხვდებიან და მათ შორის გამოვლინდება დარჩენილი ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობა. B ჯგუფის (სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს) მესამეადგილოსანი D-ს (B დივიზიონი) მეორეადგილოსანს ხვდება, ხოლო ჩვენი ჯგუფის ბოლოადგილოსანი – D ჯგუფის გამარჯვებულს.

მეტოქე | უნგრეთის ნაკრები

საქართველოს ნაკრების დღევანდელი მეტოქე ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდია, რომელსაც კონტინენტის პირველობა 13-ჯერ აქვს მოგებული (1926, 1927, 1931, 1934, 1938, 1954, 1958, 1962, 1974, 1977, 1997, 1999, 2020 წლებში), შვიდჯერ ვიცე-ჩემპიონი გახდა (1970, 1983, 1993, 1995, 2006, 2014, 2022), ექვსჯერ კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა (1981, 2001, 2003, 2008, 2012, 2016). უნგრეთის ნაკრები ერთადერთია, რომელმაც კონტინენტის პირველობის ზედიზედ ხუთჯერ მოგება მოახერხა (1926-1938 წლებში).

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთის ნაკრები მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის რანგში თამაშობს, სულ კი მსოფლიო ჩემპიონატი ოთხჯერ აქვს მოგებული (1973, 2003, 2013, 2023). ამას გარდა შვიდჯერ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ერთხელ კი ბრინჯაოს დასჯერდნენ.

უნგრეთის ნაკრები ოლიმპიური თამაშების ისტორიაშიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდია – მათ ოლიმპიური ოქრო ცხრაჯერ აქვთ მოპოვებული (1932, 1936, 1952, 1956, 1964, 1976, 2000, 2004, 2008), აღსანიშნავია, რომ 2000-2008 წლებში ისინი ოლიმპიური ჩემპიონები ზედიზედ სამჯერ გახდნენ. ამას გარდა, ოლიმპიადებზე სამჯერ – ვერცხლის (1928, 1948, 1972), ოთხჯერ კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ (1960, 1968, 1980, 2021).

ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ნაკრები უნგრეთს 2015 წლიდან მოყოლებული შვიდჯერ (მათ შორის, სამჯერ ევროპის ჩემპიონატზე) შეხვდა, თუმცა ჯერჯერობით მოგება არ აქვს.

ბოლოს უნგრეთის ნაკრებს ქართველი წყალბურთელები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეთამაშნენ და საკმაოდ დიდი წინააღმდეგობაც გაუწიეს – პირველი მეოთხედი ფრედ დასრულდა, ქართველმა წყალბურთელებმა ერთი მეოთხედის მოგებაც შეძლეს, მაგრამ საბოლოოდ მეტოქემ მაინც 18:14 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

სანდრო ადეიშვილი, ბესარიონ ახვლედიანი, ანდრია ბითაძე, ვალიკო დადვანი, არტიომ ძიხტიარენკა, რევაზ იმნაიშვილი, ხვიჩა ჯახაია, მარკო ელაჩა, ბექა კაპანაძე, გიორგი მაგრაქველიძე, სტეფან პიეშივაცი, ირაკლი რაზმაძე, ნიკა შუშიაშვილი, საბა ტყეშელაშვილი, დუშან ვასიჩი.