ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში | ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. პირველ დღეს სპორტულ წყვილებს შორის ქართულმა წყვილმა იასპარეზა ლუკა ბრულავასა და ანასტასია მეტელკინას შემადგენლობით.

მოკლე პროგრამაში მათ 71.30 ქულა (40.27 – ტექნიკური ელემენტებისთვის, 31.03 – პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა და ამ შედეგით ქართული წყვილი პირველ ადგილზეა.

მეორე პოზიციაზე გერმანელების, მინერვა ფაბიენ ჰასესა და ნიკიტა ვოლოდინის (69.63) წყვილია, მესამეზე კი იტალიელები – ლუკრეცია ბეკარი და მატეო გუარიზე (67.05) გავიდნენ.

სპორტული წყვილები თავისუფალ პროგრამას 11 იანვარს, თბილისის დროით 22:00 საათიდან შეასრულებენ.

დღესვე ევროპის ჩემპიონატზე მამაკაცთა შორის მოკლე პროგრამით კიდევ ერთი ქართველი – ნიკა ეგაძე იასპარეზებს.