ევროპის ჩემპიონატები და საქართველო - სამი ფეხბურთელი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ორი ჩემპიონი საქართველოსთვის მუშაობდა [ვიდეო] #1TVSPORT
18:19, 11.06.2021
დღეს ევრო 2020 იწყება. საქართველოს პირველი არხი 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 12 ქალაქში გამართული მატჩების ტელერეპორტაჟებს შემოგთავაზებთ.
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსი ხელიდან გაუშვა, მაგრამ იყო დრო, ევროპის ჩემპიონატზე ქართველი მოთამაშეები ტურნირზე მთავარ როლს ასრულებდნენ.
სამი ქართველი ოქროს მედლით
1960 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ფინალში იუგოსლავია 2:1 დაამარცხა და ტურნირის პირველი გამარჯვებული გახდა. 49-ე წუთზე ანგარიში სლავა მეტრეველმა გახსნა. მეტრეველის გარდა, საბჭოთა ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს გივი ჩოხელმა და მიხეილ მესხმა. გადამწყვეტი გოლი ქართველებმა განავითარეს – მეტრეველმა შეტევა მესხს გაუგრძელა, რომლის გადაცემითაც 113-ე წუთზე ვიკტორპონედელნიკმა იუგოსლავიის კარი აიღო.
ევროპის ვიცე-ჩემპიონები
პირველი ტურინის შემდეგ ქართველი ევროპის ჩემპიონი აღარ გამხდარა, მაგრამ ვიცე-ჩემპიონები გვყავს. სსრკ-ს ნაკრების შემადგენლობაში 1972 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსნები რევაზ ძოძუაშვილი და მურთაზ ხურცილავა გახდნენ, ორივე მათგანმა ითამაშა გერმანიასთან ფინალში (0:3).
1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში თენგიზ სულაქველიძე გახდა, რომელმაც ტურნირზე ორი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ფინალში ნიდერლანდებთან (0:2) არ უთამაშია.
სამი სიმბოლურ ნაკრებში
ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში სულ სამი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა – 1960 წელს, პირველი ჩემპიონატის შემდეგ, თავდამსხმელი სლავა მეტრეველი, ხოლო 1972 წელს ერთდროულად ორი ჩვენიანი მოხვდა – რევაზ ძოძუაშვილი და მურთაზ ხურცილავა. ასეთი რამ სხვა დროს აღარ მომხდარა.
სლავა მეტრეველი დღემდე ერთადერთი ქართველი მოთამაშეა, რომელმაც ამ ტურნირზე გაიტანა და პირველია ქართველებიდან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.
ორი ფრანგი ჩემპიონი საქართველოს სამსახურში
საქართველოში ორი ევროპის ჩემპიონი მუშაობდა. ორივემ ეს ტიტული 1984 წელს საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მოიპოვა. მიშელ პლატინის ლეგენდარული ნაკრების ნახევარმცველი ალენ ჟირესი 2004–2005 წლებში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, ხოლო ამავე გუნდის მცველი ჟან-ფრანსუადომერგი ოთხი წელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში უეფა-ს პროგრამების განხორციელებას ხელმძღვანელობდა.
საინტერესოა, რომ დომერგი ნახევარფინალში პორტუგალიასთან საფეხბურთო კლასიკად ქცეულ ნახევარფინალურ მატჩში დუბლის ავტორი გახდა. 24-ე წუთზე ანგარიში ძალიან ეფექტური საჯარიმო დარტყმით გახსნა, ხოლო 114-ე წუთზე, როდესაც პორტუგალია 2:1-ს იგებდა, მეტოქის კარი მეორედ აიღო.
ახლა საქართველოსთვის ვილი სანიოლი მუშაობს, რომელმაც ჩვენი ეროვნული ნაკრები 2021 წელს ჩაიბარა, მაგრამ ის საფრანგეთის სახელით ევროპის ჩემპიონი არ გამხდარა.