ევროპის ბევრ ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება იწყება, რა შეზღუდვები დარჩება ძალაში
ევროპის ბევრ ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება იწყება, რა შეზღუდვები დარჩება ძალაში

ევროპის ბევრ ქვეყანაში დღეიდან კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება იწყება.

ჩეხეთი

ჩეხეთში 27 აპრილიდან უნივერსიტეტებში სწავლის პროცესი აღდგება. თუმცა თითოეულ აუდიტორიაში მხოლოდ ხუთი სტუდენტის ყოფნა იქნება დაშვებული.

ასევე, ყველა მოქალაქე შეძლებს მოგზაურობას და ამისთვის განსაკუთრებული მიზეზის დასახლება აღარ იქნება საჭირო. თუმცა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მოქალაქეებს კორონავიურის ტესტის გაკეთება ან სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ჩეხეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა კვლავ აკრძალული იქნება. გამონაკლისი დაშვებულია ევროკავშირში რეგისტრირებული მეწარმეებისთვის.

დღეიდან დაშვებულია ათზე ნაკლები ადამიანის ერთად შეკრებაც, თუმცა საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულოა. მუშაობას განაახლებს მაღაზიების ნაწილი, ასევე სავარჯიშო დარბაზები და ფიტნეს-ცენტრები, ავტოსკოლები და ზოოპარკები. ამასთან, მაღაზიებში აუცილებელი იქნება უსაფრთხოების ზომების დაცვა, რის გამოც ტანსაცმლის მაღაზიებში მომხმარებლებს გასასინჯი ოთახით სარგებლობის უფლება არ ექნებათ. შეზღუდვების ნაწილი ჩეხეთში 27 მაისამდე იმოქმედებს.

ესპანეთი

ესპანეთში 14-წლამდე ბავშვებს აქვთ უფლება, დღეში ერთი საათი უფროსთან ერთად ისეირნონ ქუჩაში. მთავრობა ვარაუდობს, რომ 2 მაისიდან მოქალაქეებს სუფთა ჰაერზე ვარჯიშის საშუალებასაც მისცემს. ესპანეთის რეგიონებს შორის პირველი კარანტინის რეჟიმიდან კანარის კუნძულები გამოვა. იქ ინფექციის ახალი შემთხვევები 29 მარტის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

ნორვეგია

დღეიდან ნორვეგიის სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგება. მერხებთან დაბრუნდებიან 6-10 წლამდე მოწაფეები. განახლდება სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებშიც. ამასთან, თითოეულ კლასში მოსწავლეების რაოდენობა შეზღუდული იქნება. ასევე, ამუშავდება სილამაზის სალონები და დერმატოლოგების ოფისები.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მასობრივი შეკრებები პირველ სექტემბრამდე აკრძალული იქნება, თუმცა 30 აპრილს ხელისუფლება აპირებს, იმსჯელოს იმ ღონისძიებების დაშვებაზე, რომლებსაც 500-ზე ნაკლები ადამიანი დაესწრება.

საფრანგეთი

საფრანგეთში მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქების დეტალური გეგმა 28 აპრილს გახდება ცნობილი. კარანტინის რეჟიმიდან გამოსვლის გეგმას საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ხვალ პარლამენტს წარუდგენს. ამ გეგმას შემდეგ დეპუტატები განიხილავენ და კენჭს უყრიან. ამასთან, ოპოზიცია მთავრობას აკრიტიკებს, რადგან ხელისუფლების გეგმის გასაცნობად მათ ცოტა დრო ექნებათ – დაახლოებით 24 საათი.

საფრანგეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ 11 მაისამდე მობილური ტელეფონების აპლიკაცია მზად იქნება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ინფიცირებულების და მათთან კონტაქტში მყოფი პირების გადაადგილების კონტროლის საშუალებას მისცემს.

ამასთან, ფრანგი ეპიდემიოლოგები და ვირუსოლოგები არ ეთანხმებიან საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სკოლებს 11 მაისიდან სასწავლო პროცესის აღდგენის საშუალება უნდა მიეცეთ. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციაა, რომ სკოლები სექტემბრამდე არ გაიხსნას. სპეციალისტები ურჩევენ მთავრობას, რომ პირბადეების ტარება საჯარო სივრცეებში სავალდებულო გახდეს. წინასწარი ინფორმაციით, მთავრობის გეგმის მიხედვით, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება და ზოგიერთი მათგანი ძალაში ივლისის შუა რიცხვებამდე დარჩება.

საფრანგეთში საგანგებო მდგომაროება 11 მაისამდეა ძალაში.

საბერძნეთი

დღეიდან საბერძნეთში საჯარო რეესტრის ოფისები და სასამართლოები მუშაობას განაახლებენ. ხელისუფლება კომერციული საბითუმო ქსელებს მუშაობის განახლების შესაძლებლობას სავარაუდოდ ერთ კვირაში მისცემს. ამასთან, საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საბერძნეთის კუნძულებზე მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვა ივნისამდე დარჩება ძალაში.

ხელისუფლება კარანტინის რეჟიმიდან გამოსვლის დეტალურ გეგმას ხვალ წარადგენს. წინასწარ ცნობილია, რომ პატარა მაღაზიები, სილამაზის სალონები მუშაობას 4 მაისს განაახლებენ, ხოლო სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი 11 მაისიდან აღდგება. ამავე პერიოდში რესტორნებს და ბარებს მუშაობის განახლების უფლებას მისცემენ, თუმცა მომხმარებლები მხოლოდ გარე სივრცით ისარგებლებენ.

ავსტრია

პირველი მაისიდან ავსტრიაში სილამაზის სალონები და სავაჭრო ცენტრები გაიხსნება. ეპიდემიოლოგების დადებითი რეკომენდაციების შემთხვევაში, რესტორნები და სასტუმროები ავსტრიაში ფუნქციონირებას მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყებენ, თუმცა საჯარო სივრცეში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. რესტორნებში მომხმარებლებს შორის დაცული იქნება დისტანცია.

ლიეტუვა

27 აპრილიდან ლიეტუვაში გაიხსნება მუზეუმები, ბიბლიოთეკები, ქუჩის კაფეები და სილამაზის სალონები. გაიხსნება სპორტული მოედნების ნაწილიც. მუშაობას განაახლებენ ზოოპარკები და ბოტანიკური ბაღები. ლიეტუვაში უკვე გაიხსნა საბითუმო მაღაზიები. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ქვეყანაში 11 მაისამდე იმოქმედებს.

ნიდერლანდები

11 მაისიდან ნიდერლანდებში განაახლებენ მუშაობას საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლის მოსწავლეები მერხებთან დაბრუნდებიან. ამასთან, თითოეულ კლასში მოსწავლეების რაოდენობა შეზღუდული იქნება. სხვა ასაკობრივი კატეგორიის მოწაფეები სკოლებში 2 ივნისს უნდა დაბრუნდნენ. 18 წლამდე მოზარდებს უფლებას მისცემენ, განაახლონ სპორტულ წრეებზე სიარული.

ალბანეთი

ალბანეთში მაღაზიები და სასამართლოები ამ კვირაში გაიხსნება. მოქალაქეებს ქუჩაში დარჩენის უფლებას უფრო ხანგრძლივი ვადით მისცემენ, ვიდრე ამას ამჟამად მოქმედი წესი ითვალისწინებს. დღეს ალბანეთის მოქალაქეებს ქუჩაში მხოლოდ საათნახევრის განმავლობაში შეუძლიათ დარჩენა. ალბანეთში სკოლების ნაწილი დღეს გაიხსნა.

პორტუგალია

პორტუგალიის მთავრობა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას პირველი მაისიდან აპირებს. კარანტინის რეჟიმის ფარგლებში მოქმედი მკაცრი ზომები ყოველ 15 დღეში ერთხელ მოიხსნება.

იტალია

4 მაისიდან იტალიაში ქარხნები ამუშავდება. ამასთან, მთავრობის მითითების მიუხედავად, ვენეტოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეზღუდვების ნაწილი უკვე მოხსნა. ვენეტოში პიცერიებსა და საკვების ადგილზე მიტანის სერვისებს მუშაობის საშუალება უკვე აქვთ.

მთავრობის გეგმის მიხედვით, იტალიის მოქალაქეებს გადაადგილების საშუალება თავდაპირველად საცხოვრებელი ადგილების სიახლოვეს ექნებათ. სხვადასხვა რეგიონს შორის გადაადგილება შეზღუდული იქნება.

შესაძლებელი იქნება დაკრძალვის ცერემონიის გამართვა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 ადამიანზე ნაკლები დაესწრება. მოქალაქეებს ექნებათ ინდივიდუალურ რეჟიმში, გარე სივრცეებში ივარჯიშონ.

4 მაისიდან აღდგება საკვებისა და კერძების ადგილზე მიტანის სერვისი. სილამაზის სალონები, ბარები და რესტორნები, სავარაუდოდ პირველი ივნისიდან გაიხსნება. მუზეუმები, ბიბლიოთეკები და მაღაზიების დიდი ნაწილი მუშაობას 18 მაისიდან განაახლებს. სპორტული წრეები ფუნქციონირებას 18 მაისიდან დაიწყებენ. ამასთან, ხელისუფება მოუწოდებს მოქალაქეებს, სოციალური დისტანცია მაქსიმალურად დაიცვას.


გერმანია

გერმანიაში მკაცრი ზომების ნაწილი გასულ კვირას მოხსნეს. უფროსკლასელებისთვის სასწავლო პროცესი აღდგა. თუმცა, ქვეყნის უმეტეს ნაწილში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. ამასთან, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა მოუწოდა ბიზნესის წარმომადგენლებს, კარანტინის რეჟიმის მოხსნას „სიფრთხილით მოეკიდონ“.


ბელგია

ბელგიის ხელისუფლების მიერ შემუშავებული საგზაო რუკის მიხედვით, მაღაზიები 11 მაისიდან გაიხსნება. 18 მაისიდან კი, სკოლებში სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს, თუმცა თითოეულ კლასში მოსწავლეების რაოდენობა შეზღუდული იქნება. რესტორნებისა და ბარების გახსნას ბელგიაში 8 ივნისისთვის აპირებენ.


შვეიცარია

შვეიცარიაში 27 აპრილიდან გაიხსნა სილამაზის სალონები და ყვავილების მაღაზიები. 11 მაისიდან შვეიცარიაში ყველა მოსწავლე მერხებთან დაბრუნდება. ამავე პერიოდში საბითუმო სავაჭრო ქსელები დაიწყებენ ფუნქციონირებას.

წითელ ფერში მოცემულია ქვეყნები, სადაც კარანტინის რეჟიმი ამ კვირაში შემსუბუქდება. ყვითელ ფერად არის ის ქვეყნები, სადაც საკარანტინო ზომების შემსუბუქება უკვე დაწყებულია. ლურჯ ფერად აღნიშნულ ქვეყნებში ჯერ არ დაწყებულა საკარანტინო რეჟიმის მოხსნა ან იგეგმება. 

დატოვე კომენტარი