ევროპის 2008 წლის ჩემპიონი პალოპი „დინამოში“ პრიეტოს ჩარიცხვას გამოეხმაურა - მისი გამოცდილება ახალ გუნდსაც გამოადგება #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრებისა და „სევილიას“ ყოფილმა მეკარემ ანდრეს პალოპმა „დინამო თბილისის“ ახალწვეულ ანდრეს პრიეტოზე ილაპარაკა.
„პრიეტოს შესაძლებლობები ვიცი და მას ბევრი თვისება აქვს იმისთვის, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს. ანდრესი საუკეთესო ასაკშია, რათა საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს და ახალი წარმატებული პროექტის ნაწილად იქცეს. ესპანეთსა და ინგლისში მიღებული გამოცდილება მის ახალ გუნდსაც გამოადგება“, – განაცხადა ანდრეს პალოპმა.
შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისმა“ ესპანელი მეკარე გუშინ დაიმატა – 27 წლის მეკარემ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება, „დინამოსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გააფორმა და გუნდს უახლოეს ვარჯიშზე შეუერთდება.
პრიეტო მადრიდის „რეალის“ აღზრდილია, სხვადასხვა დროს კი „მალაგას“, „ლეგანესისა“ და „ესპანიოლის“ რიგებში გამოდიოდა. მისი ბოლო კლუბი „ბირმინგემ სიტი“ გახლდათ. ახალი მეკარის მოყვანის აუცილებლობა კლუბში როინ კვასხვაძის წასვლის შემდეგ დადგა.
რაც შეეხება ანდრეს პალოპს, ის „ვალენსიას“ აღზრდილია, სადაც დაიწყო კარიერა. 1997-1999 წლის სეზონებში ის განათხოვრებული იყო „ვილიარეალში“. 2005 წელს კი „სევილიაში“ ჩაირიცხა და კლუბის ძირითადი მეკარე გახდა, ხოლო კარიერა ლევერკუზენის „ბაიერში“ (2013–2014) დაასრულა.
2007 წლის 15 მარტს უეფა-ს თასის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრაში „სევილია“ საკუთარ მოედანზე დონეცკის „შახტართან“ აგებდა (1:2). მსაჯის მიერ დამატებულ დროში მეტოქის საჯარიმოში ჩასულმა მეკარემ მოახერხა უკრაინული გუნდის კარში თავით გოლის გატანა და ანგარიში გაათანაბრა. დამატებით ტაიმში კი „სევილელებმა“ კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ფინალში პალოპის გუნდი „ესპანიოლს“ დაუპირისპირდა, სადაც მან 11-მეტრიანების სერიაში 3 პენალტის მოგერიება მოახერხა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
პალოპმა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2008 წელს ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. „ვალენსიაში“ გახდა ესპანეთის ჩემპიონი (2002, 2004), უეფას თასის მფლობელი (2004) და ევროპის სუპერთასის მფლობელი (2004).