ევროპელმა პოლიტიკოსებმა ბრიუსელს უნგრეთისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდეს
ევროპელმა პოლიტიკოსებმა ბრიუსელს უნგრეთისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდეს

ევროპის გავლენიანმა პოლიტიკოსებმა ბრიუსელს უნგრეთისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ინფორმაციის დამადასტურებელი წერილი ექსკლუზიურად Euronews-მა მოიპოვა.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან კლოდ იუნკერისადმი გაგზავნილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ უნგრეთისკენ მიმავალი ფინანსური ნაკადები იქამდე უნდა შეიზღუდოს, ვიდრე ძირითადი დემოკრატიული თავისუფლებები არ აღდგება და კორუფციის წინააღმდეგ მოქმედებები არ დაიწყება.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ უნგრეთში პრესის თავისუფლების ხარისხი დაბალია, უნივერსიტეტებმა დამოუკიდებლობა დაკარგეს და ძირითად სახელმწიფო დაწესებულებებზე კონტროლი მმართველმა პარტია Fidesz-მა აიღო.

23 ნოემბრით დათარიღებულ წერილს ხელს აწერენ გერმანიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ჰანს ეიხელი, ასევე სამი ყოფილი ევროკომისარი: პასკალ ლამი, ფრანც ფისხლერი და იანის პალეოკრასასი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ბრიუსელთან უთანხმოება ხშირად აქვს, განსაკუთრებით, საიმიგრაციო პოლიტიკაზე.

ევროკომისიაში ამბობენ, რომ 2015 წელს უნგრეთმა ევროკავშირიდან დაფინანსების სახით 5.63 მილიარდი ევრო მიიღო. ევროპელი პოლიტიკოსების წერილში კი ხაზგასმულია, რომ უნგრეთის სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების 95% ევროკავშირის თანადაფინანსებით ხორციელდება.

დატოვე კომენტარი