ევროპელმა მესაზღვრეებმა ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში დაიწყეს მუშაობა
ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები პირველად შეუდგნენ მუშაობას ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში. 22 მაისიდან „ფრონტექსის“ მესაზღვრეები ალბანეთ-საბერძნეთის საზღვარზე გამოჩნდნენ. მოგვიანებით, ევროკავშირის სასაზღვრო სამსახური მუშაობას ბალკანეთის მარშრუტის სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.
როგორც მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, დიმიტრის ავრომოპულოსმა განაცხადა, ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურმა უფრო მჭიდროდ უნდა დააკავშიროს ბალკანეთის რეგიონი ევროკავშირთან. მისივე თქმით, ეს ისტორიული ნაბიჯია მიგრაციის დარეგულირებისთვის.
ევროკავშირი ალბანეთს ასევე დაეხმარება ორგანიზებულ დანაშაულებთან ბრძოლაში. თავის მხრივ, ალბანეთის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს 2019 წლის ივნისში დაიწყებს.
ალბანეთის გარდა, ევროპელი მესაზღვრეები უახლოეს ხანში გამოჩნდებიან ბოსნიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროსა და სერბეთშიც. ყველა ეს სახელმწიფო ე.წ. ბალკანურ მარშრუტზე მდებარეობს, რომლითაც 2015-2016 წლებშიც ევროკავშირში ათასობით არალეგალი მიგრანტი მოხვდა.